საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც იგი პირდაპირ საბაჟოდან გადაიყვანეს, მას სხვა მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მებაჟეები, რომლებმაც ირანიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე შეამოწმეს, სამინისტროს მითითების შესაბამისად იყვნენ ეკიპირებულები, თუმცა ისინი მაინც იზოლირებულები არიან და მათი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა ინფიცირების მინიმალური რისკის გამორიცხვის მიზნით.
მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს, ამ ეტაპზე არც სწავლის შეწყვეტა იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე, თუმცა საავადმყოფოები მზადყოფნაშია, თუ სიტუაცია გაუარესდება.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს. პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ისინი წითელი ხიდიდან გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც საზღვარზე შემოწმებისას ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდათ. მათ ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები