ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ლავროვს: მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე მოგიწევთ პასუხის გაცემა (ვიდეო)
ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ავადმყოფები უწოდა
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაკავშირებულ ინციდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, მარია ზახაროვას გამოხმაურებას პასუხობს, რომელმაც ქართველი ჟურნალისტები „თავდასხმაში“ დაადანაშაულა.
„მე განვახორციელე თავდასხმა სერგეი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც. 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2 232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი.
მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე.
კიდევ ერთხელ, ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:
„წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ“.
მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა. არაუშავს!“ – წერს ქეთევან ქარდავა.
25 თებერვალს ქართველი ჟურნალისტები ჟენევაში სერგეი ლავროვისთვის კითხვის დასმას ცდილობდნენ, რა დროსაც ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ავადმყოფები უწოდა.
მოგვიანებით ამ ამბავს რუსეთის საგარეო უწყების სპიკერიც გამოეხმაურა და თავის Facebook-გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ჟურნალისტებს თავდასხმაში სდებდა ბრალს.
საპასუხოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ტელეკომპანია იმედთან ერთად ცდილობდა ლავროვისთვის შეკითხვის დასმას, პროცესის ამსახველი სრული ვიდეო-ჩანაწერი გამოაქვეყნა, რითაც ზახაროვას ეს მტკიცება ბათილდება.
tabula.ge
კომენტარები