ემიგრანტის დღიურებიქართველები უცხოეთში

„ვიფიქრე, იმდენ გასაჭირს გავუძელი, კორონავირუსმა რა უნდა დამაკლოს-მეთქი“

ემიგრანტის დღიურიდან - მილანი, 24 თებერვალი

 

საღამოს, სამსახურიდან გამოსულს, ქუჩაში არავინ შემხვედრია, არც გამკვირვებია, რადგან კვირა დღე იყო, თანაც ცხელოდა. ვიფიქრე, ალბათ მილანელები ქალაქგარეთ გავიდნენმეთქი.

ლამბრატეზე, ძირითადად, სტუდენტები ცხოვრობენ, რადგან იქვეა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. მანამდე მაღაზია „კარფურში“ ვიყავი შესული საყიდლებზე. მაღაზია თითქმის ცარიელი დამხვდა, მაგრამ არც ამისთვის მიმიქცევია დიდი ყურადღება – კვირა დღეა-მეთქი. მეტროში ჩასულმა, გავხსენი ტელეფონი და მოსული მეილი წავიკითხე: აკადემია ბოდიშს მიხდიდა, რომ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სწავლა წყდება ყველგან, გაცდენილ საათებს კი აგვინაზღაურებდნენ.

მაშინ კი გონებაში ამოტივტივდა ალბერტოს ნათქვამი – მატეო და მისი ორი მეგობარი ნეაპოლში მიდიან და უნდა გავაცილოო; მერე გაბრიელას სიტყვები – ერთი კვირით სამხრეთისკენ მივდივართო, პულიაში აქვს აგარაკი, ზღვის პირას. შევედი ფბ-ზე და ვნახე ზურა ბარბაქაძის ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, რომ სუპერმარკეტი ცარიელია თითქმის. ჩემთვის ჩამეცინა, იმდენ გასაჭირს გავუძელი, კორონავირუსმა რა უნდა დამაკლოს-მეთქი, სახლში მისულმა კი მშვიდად დავიძინე.

ორშაბათს დილით 7:30 საათზე გავედი სახლიდან და სამსახურისკენ გავწიე. ავტომანქანები თავიანთ ადგილზე დამხვდა უძრავად. ქუჩები – ცარიელი. არადა, ამ დროს ეს ტროტუარები სავსეა ხოლმე ფეხით მოსიარულეებით: ყველა სადღაც გარბის… ვერც მოხუცები დავინახე, ძაღლებს რომ ასეირნებდნენ… გული დამწყდა. ასეა ხოლმე აგვისტოში, როცა მილანელები არდადეგებზე გადიან ქალაქიდან…

მოულოდნელად მუშებს წავაწყდი, გულწრფელად გამიხარდა, მაშინვე სურათი გადავუღე, ისინიც მომესალმნენ და ბედნიერი დღე ვუსურვეთ ერთმანეთს.

შემდეგ ბარისკენ გავეშურე, ბარშიც დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც გემრიელ ყავას და კორნეტოებს მიირთმევდნენ. მომერიდა მათთვის ფოტოს გადაღება. დავაკვირდი, ერთჯერადი ჭიქებით სვამდნენ ყავას თუ ჩვეულებრივი ფაიფურის ფინჯნებით. არა, ისევ ის მომსახურება… ავტობუსში ავედი და მარტო აღმოვჩნდი… „უი“ – წამოვიძახე მოულოდნელობისგან…

12 საათისთვის, როცა სამუშაო დავამთავრე, ქუჩები ისევ სავსე იყო ხალხით. გამიხარდა. მეც მშვიდად გავწიე სახლისკენ… დღის ბოლოს სუპერმარკეტ Pam-ში გავიარე, იქ არაფერი დამხვდა ისეთი, რომ მეყიდა – მხოლოდ ბანანი და ფორთოხალი. მერე იქვე, ლიდლში შევედი და რა ვნახე! – იქ სულ ცარიელი იყო თაროები. ვეღარ მოვითმინე და გადავიღე.

იმედია, ხვალინდელი დილა უკეთესი იქნება… დასანანია, რომ ყველა მუზეუმი, დიდი გასართობი დაწესებულებები დაკეტილია.

მინდა ყველას მშვიდობა და ჯანმრთელობა გისურვოთ… ცხოვრება ერთი წამია და ის უნდა დაიჭირო!

ლალი ჯორჯიანა (დავითულიანი)

მილანი, 24 თებერვალი,  2020 წ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close