საქართველოპოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა

გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, – ამ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

არხის ცნობით, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხელისუფლება არსებული მოდელით ჩაატარებს, მაშინ თბილისის საარჩევნო ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველოდან“, შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი – „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოდან“.

უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რომელი კანდიდატი რომელ ოლქში იყრის კენჭს, 4 აპრილს, ოპოზიციის აქციაზე გახდება ცნობილი.

ოპოზიციურმა პარტიებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებით მონაწილეობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდო. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კომპრომისული ვარიანტის მისაღწევად (მმართველი გუნდი ოპონენტებს სთავაზობს კომპრომისულ მოდელს – პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული წესით – 50), თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული მოდელით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close