პირველად საბერძნეთის ისტორიაში პრეზიდენტად ქალი აირჩიეს
საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას და ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტად ქალი აირჩიეს – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეკატერინე საკელაროპულუ.
ახალ პრეზიდენტს 261-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (294-იდან) – „ნეა დიმოკრატიადან“, „სირიზადან“ და „კინალიდან“.
ეკატერინე საკელაროპულუ (Αικατερίνη Σακελλαροπούλου) ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფიცს 13 მარტს დადებს, მოქმედი პრეზიდენტის, პროკოფის პავლოპულოსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მეორე დღეს. ამის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ქვეყნის მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში 15 იანვარს საბერძნეთის პრეზიდენტის პოსტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეკატერინე საკელაროპულუ დაასახელა.
„ვფიქრობ, დადგა დრო, რომ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა ჩვენს ქვეყანაში ღირსეულმა ბერძენმა ქალმა დაიკავოს“, – განაცხადა მიცოტაკისმა პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ. მიცოტაკისმა ახალი პრეზიდენტი დაახასიათა, როგორც შესანიშნავი ადვოკატი საერთაშორისო სამართლის სფეროში და უზენაესი სასამართლოს ბრწყინვალე თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პრეზიდენტის თანამდებობა, ძირითადად, ცერემონიულია, პოლიტიკური ძალაუფლება კი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით. მოქმედი პრეზიდენტის, პროკოფის პავლოპულოსის უფლებამოსილება მიმიდინარე წლის 12 მარტს იწურება.
ნინო ბაჯელიძე
ამავე თემაზე: საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება?
კომენტარები