პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატორია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, ჩიჩილაკი და კალანდობა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში „კალანდობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიებების დასრულებისას განაცხადა:
„მიჭირავს ხელში ჩიჩილაკი, რომელიც ასევე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ. ეს არის არაჩვეულებრივი ასევე გურული ტრადიცია, მაგრამ რომელიც მოედო მთელ საქართველოს. და მე მგონი, რომ ეს არის უძლიერესი ტრადიცია.
მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და, საერთოდ, გურული კალანდობა შევიტანოთ ჩვენი არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკოში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, დეპუტატებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაესწრო ღონისძიებას „კალანდა 2020“.
საქართველოს პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სამართალდამცავთა აქტიური მობილიზების პირობებში, მათ სალომე ზურაბიშვილთან მიახლოებისა და დაგეგმილი პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მიეცათ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. მათ შორის, შეხვდება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და ერისთავების ციხე-სიმაგრეზე 14 იანვარს სახელმწიფო დროშას აღმართავს.
radiotavisupleba.ge
კომენტარები