ვაჟა გაფრინდაშვილი ჟურნალისტებს: მადლობა ყველას თქვენი თამადობით
28 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველას, ჟურნალისტების „თამადობით“. ამის შესახებ მან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
ექიმი აღნიშნავს, რომ საპატიმროში ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდა და გარკვეული ამბები მას მეუღლემ მოუთხრო გზად გორიდან თბილისისკენ.
„სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა… გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ… ორჯერ მქონდა მხოლოდ, თუ ერთხელ, საშუალება, რომ მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას, თქვენი თამადობით, ვინც მე მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვე-ნახევარი გამეძლო“, – უთხრა ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. იგი ავტომობილს თავად მართავდა. მანამდე გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
20 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის პატიმრობა მიუსაჯა ერთი წლითა და ცხრა თვით.
radiotavisufleba.ge
კომენტარები