რომელ თვეში იბადებიან ყველაზე ჭკვიანი ადამიანები?
ყველაზე გონიერი და ბეჯითი ბავშვები, აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NATIONAL BUREAU OF ECONOMIC RESEARCH) მონაცემებით, სექტემბერში იბადებიან. ისინი სკოლაში საუკეთესო ქულებს იღებენ და შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.
ეს დასკვნა კემბრიჯის და მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა ფლორიდის სახელმწიფო სკოლების 1,2 მლნ მოსწავლის მონაცემების კვლევის საფუძველზე გააკეთა, რომელთა ასაკი 6-იდან 15 წლამდე იყო. გაირკვა, რომ სექტემბერში დაბადებულ ბავშვებს რეგულარულად ჰქონდათ სხვებზე მაღალი შეფასებები, აგრეთვე, სექტემბერში დაბადებული ბავშვები საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფრო მეტ შანსს იღებენ და მათ წარმატებითაც ამთავრებენ.
ამას გარდა, ფლორიდის არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრების მონაცემების გაანალიზებით, მეცნიერები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ სექტემბერში დაბადებული მოზარდები გაცილებით უფრო იშვიათად ხვდებიან არასრულწლოვანთა ციხეებში.
მეცნიერები ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან კი ამბობენ, რომ შემოდგომაზე ან ზამთარში დაბადებულები უფრო მეტხანსაც ცოცხლობენ. ყველაზე ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა მარტში დაბადებულებს უფიქსირდებათ – მათი მხოლოდ ოთხი პროცენტი აღწევს 100 წლის ასაკს. მკვლევარები ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ 1500 ადამიანის მონაცემების ანალიზის შედეგად.
კიდევ ერთი კავშირი არსებობს დაბადების დროსა და სპორტულ წარმატებას შორის. მაგალითად, კანადელი ჰოკეისტების დაბადების დღეები უმეტესად წლის პირველ ნახევარშია, ინგლისის ფეხბურთის ამჟამინდელ ვარსკვლავებს შორის კი არავინაა მაისიდან აგვისტომდე დაბადებული – ისინი, ძირითადად, შემოდგომაზე დაბადებულები არიან.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები