მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ყველაზე უჩვეულო საქორწილო წეს-ჩვეულებები მსოფლიოში

აბა, დღეს ვიღას უკვირს ქორწილში პატარძლის ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევა ან ნეფე-დედოფლის ავტომობილზე კონსერვის ქილების მიმაგრება?! მაგრამ ეს რა მოსატანია იმ წეს-ჩვეულებებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრდა. როგორც ამბობენ: რამდენი ხალხიცაა, იმდენი ადათია… ჩვენ ამ კოლექციაში მათ შორის ყველაზე უჩვეულოებს მოვუყარეთ თავი.

 

შვეიცარია

შვეიცარიის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში დღემდე იცავენ ერთ უჩვეულო ტრადიციას: საზეიმო დღის ანუ ქორწილის წინა დღეს პატარძალს თავიდან ფეხებამდე ტალახში „აბანავებენ“. და რაც უფრო აუტანელი და უსიამოვნო სუნის მქონე იქნება ეს ლაფი, მით უკეთესი. ტალახისგან ერთგვარი „ჭაობის“ შესაქმნელად გამოიყენება ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდებათ: კეტჩუპი, ლუდი, კვერცხი და ვადაგასული საკვები. ასეთი „აბაზანის“ მიღების შემდეგ პატარძალი, ნეფის მეგობრების თანხლებით, ახლომდებარე ყველა ბარსა და სასადილოს ჩამოივლის. ითვლება, რომ ქმრის ყველა უმსგავსო საქციელზე ცოლს ეს „თავგადასავალი“ გაახსენდება და მომავალი ოჯახი სკანდალებს გადაურჩება.

 

ბალი

ამ საოცარ კუნძულზე ერთი უჩვეულო ტრადიცია არსებობს: ქორწინების დღეს ახალდაქორწინებულებს კბილებს უმახვილებენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ მათგან ცხოველური ინსტინქტები განიდევნოს, რომლებიც მომავალ ოჯახში აუცილებლად შექმნიან პრობლემებს. ეს პროცედურა ასევე განასახიერებს დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლასა და იმასაც, რომ ახალშექმნილი ოჯახის წინაშე მშობლები და ნათესავები ყოველგვარი მზრუნველობისგან თავისუფლდებიან.

 

ბორნეო

ბორნეოს კუნძულზე, ტუდონგის ტომში, ძველი ადათ-წესების თანახმად, ახალდაქორწინებულთა ნებისყოფა და ორგანიზმები სიმტკიცეზე გამოიცდება. ტესტის არსი ისაა, რომ ქორწილიდან 3 დღის განმავლობაში მათ თავი უნდა შეიკავონ… ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისგან! ახალგაზრდა წყვილი ამ პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, ივიწყებს საკვებსა და წყალს, რათა გამოცდა წარმატებით გაიაროს და ბედნიერი ცხოვრებით დატკბეს.

 

ჩინეთი

ჩინეთი განთქმულია ერთი საკმაოდ უჩვეულო საქორწილო ტრადიციით. ეს ტრადიცია საკმაოდ სევდიანია და იმაში მდგომარეობს, რომ ქორწილამდე ერთი თვით ადრე პატარძალი ყოველდღე მწარე ცრემლებს აღვარღვარებს. ერთი კვირის შემდეგ მას  დედა უერთდება, შემდეგ კი – ყველა ნათესავი ქალი. ქორწილის წინა დღეს ყველა მდედრობითი სქესის ნათესავი ერთად იკრიბება და ხმამაღლა, შეუწყვეტლად მოთქვამს. გოდებას შიგადაშიგ ენაცვლება სპეციალური სიმღერები. ამ ჩვეულებას შემდეგი აზრი აქვს: რაც უფრო მეტ ცრემლს დაღვრის პატარძალი ქორწილამდე, მით უფრო ბედნიერი და უზრუნველი იქნება მისი ცხოვრება ქორწინების შემდეგ.

 

ნიგერია

ნიგერიაში იბოს ტომის ყველა საქმრო ფიზიკურ გამოცდას გადის, რომლის შედეგიც განსაზღვრავს, შეეფერება თუ არა იგი არჩეულ პატარძალს. პატარძლის ნათესავების მრავალრიცხოვანი კოჰორტა გამწკრივებული ხვდება სასიძოს, მან კი გაბედულად უნდა გაიაროს მათ შორის. რატომ გაბედულად? იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს ჯოხი უკავია ხელში და დაუზოგავად უზაპუნებს ზურგში სასიძოს. თუ მომავალი ქმარი მამაცურად გაუძლებს სახალხო გაროზგვას, მას ახალი ოჯახი სიხარულით მიიღებს. რაც შეეხება პატარძლის ბედს, ქორწილამდე ერთი თვის განმავლობაში მას ფეტვითა და რძით კვებავენ, რადგან ნიგერიაში სოლიდური წონა მომავალი მეუღლის სილამაზის პირველი და უმთავრესი მახასიათებელია!

 

კენია

კენიაში პატარძლის ორსულობა ქორწილის აუცილებელი წინაპირობაა. გარდა ამისა, ახალგამომცხვარმა სასიძომ ერთი თვე ქალის ჩაცმულობით უნდა იაროს, რათა თავის თავზე იწვნიოს ქალის ბედი. პატარძალს, თავის მხრივ, სტატუსის შეცვლის ნიშნად, ხელებს შავ-წითელი ორნამენტებით უმშვენებენ.

 

რუანდა

რუანდაში ცოლების ბედი შეიძლება ნამდვილად შეგშურდეთ! ქორწილის შემდეგ მათ შეუზღუდავი უფლება ენიჭებათ – ყოველღამე სცემონ, დაკბინონ, დაკაწრონ და ყველანაირი შესაძლო ფორმით დასცინონ თავიანთ ქმრებს, ხოლო შემდეგ, იმის შეგრძნებით, რომ ღამე თავისი მოვალეობა პირნათლად მოიხადეს, შეუძლიათ დღის განმავლობაში დაისვენონ. ასეთი რიტუალი, ჩვეულებრივ, ორიოდე კვირის განმავლობაში გრძელდება. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ამის შემდეგ მეუღლეები სიბრაზისგან, სიძულვილისა და ურთიერთმტრობისგან თავისუფლდებიან და ოჯახში აღარასდროს ჩხუბობენ.

 

ბედუინები

ბედუინებში ახალდაქორწინებულთა საქორწილო სუფრაზე შებრაწული აქლემი სავალდებულოა, თუმცა ეს ძალიან რთული რეცეპტით მომზადებული კერძია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შემწვარი აქლემი ფარშირებულია შემწვარი ცხვრის ხორცით, რომელიც, თავის მხრივ, ფარშირებულია ქათმის ხორცით, ქათამი – თევზით და თევზი კი – კვერცხით.

 

ეთიოპია

ეთიოპიის ზოგიერთ ტომში ასეთი უცნაური ჩვეულება დამკვიდრდა: პატარძალს ქვედა კბილებს აძრობენ და ქვედა ტუჩში უსვამენ  ჩვეულებრივი CD-ის ზომის სპეციალურ დისკს. ითვლება, რომ პატარძალი ასეთი „მორთულობით“ ყველაზე ლამაზია და ახალ ოჯახს ბედნიერებას, სიმდიდრესა და წარმატებას მოუტანს.

 

იაპონია

იაპონელი პატარძალი მთელ თავის ძალისხმევას იმას ანდომებს, რომ მისი სახის კანი მაქსიმალურად ქათქათა იყოს. ამისათვის იაპონელი გოგონები სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას იყენებენ (მაკიაჟი, მათეთრებელი კრემები). მაგრამ თეთრის ფერის გარდა, პატარძლის სახე ბრტყელი და ქვასავით უმოძრაოც უნდა იყოს, ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი. პატარძალმა ასეთი გამომეტყველებით მთელი დღე უნდა იაროს. წარმოიდგინეთ, ამას რა გამძლეობა სჭირდება!

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close