შეუცნობელი

ადამიანის ბუნება და ბედი დაბადების თარიღის მიხედვით – ინდური ნუმეროლოგია

ინდოელი ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ  ადამიანის დაბადების თარიღს შეუძლია ნათელი მოჰფინოს მის პიროვნებას და მომავალს, რადგან ციფრების სიმბოლიკაში ამა თუ იმ დღის სპეციფიკა  გამოიხატება. უძველეს ინდოეთში „დროის თავისებურებების“ მცოდნე ქურუმების მითითებებს ითვალისწინებდნენ და ისე იწყებდნენ ნებისმიერ საქმიანობას, რადგან თვლიდნენ, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება და შედეგი იმ პერიოდებზე იყო დამოკიდებული, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა დაბადების თარიღის მმართველ პლანეტას.

ინდური ასტროლოგია ასახელებს ცის პლანეტებს, რომლებიც მაქსიმალურ ზემოქმედებას ახდენენ დედამიწაზე. ესენია: სურია, ჩანდრა, გურუ, რაჰუ, ბუდჰა, შუკრა, კეტუ, შანი და კუჯა. თითოეული მათგანი სამი ან ოთხი რიცხვით ხელმძღვანელობს.

სურია – სიცოცხლით სავსე პუნქტუალური ადამიანები

უძველესი ინდური მანუსკრიპტების მიხედვით, სურია სიცოცხლეს მზის სისტემიდან იღებს. ინდური ასტროლოგია კი ამტკიცებს, რომ ეს პლანეტა სინათლეს, სიცოცხლეს და სიყვარულს განასახიერებს და უმნიშვნელოვანეს კოსმიურ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის პოტენციალს განსაზღვრავს. მართავს გულს. იგი არის მამაკაცური ძალის, გონებისა და ნებისყოფის სიმბოლო.

სურია მართავს ციფრ 1-ს და ნებისმიერი თვის 1, 10, 19, 28  რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები ძლიერი პიროვნებები არიან. უყვართ თავისუფლება და ვერ იტანენ, როცა ვინმე მათ საქმეებში ერევა. დაჯილდოებულნი არიან გამომგონებლობის ნიჭით. ყოველთვის მომზადებულნი ხვდებიან ცხოვრებისეულ აღმაფრენებს და ვარდნებს – სულიერად არასდროს ეცემიან. უზომოდ მატერიალისტები არიან. ადვილად ხარჯავენ ფულს. ძირითადად, ისეთ სფეროებში მოღვაწეობენ, სადაც წინა პლანზე ავტორიტეტულობა, წესიერება და ორგანიზატორული ნიჭი დგას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ მხრივ ცოტა მოიკოჭლებენ. ხასიათდებიან სუსტი მხედველობით, შესაძლოა დაემუქროთ თვალის ინფექციები და სხვა მთელი რიგი უსიამოვნებები სისხლის არასწორი მიმოქცევის გამო.

ჩანდრა – შეუცვლელი ფსიქოლოგები

ჩანდრა ქალური საწყისის სიმბოლოა. მასში განსახიერებულია შექმნისა და შენარჩუნების ენერგია. იგი არის მცენარეებისა და  ბოსტნეულის მფარველი, წყლის ქალღმერთი, ზღვათა მბრძანებელი. მისი ფერი თეთრია. ბუნებით კეთილშობილი, ბრძენი და განათლებული ჩანდრა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, სულიერ სიმშვიდესა და ბედისწერაზეც კი მოქმედებს. შეუძლია სხვების სურვილებზე მოახდინოს ფოკუსირება და გრძნობების ენით ისაუბროს.

ჩანდრა მართავს ციფრ 2-ს და 2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს. ამ რიცხვებში დაბადებულები მშვიდობისმოყვარე, პოეზიისა და ხელოვნების მოყვარული პიროვნებები არიან, აქვთ სამართლიანობის მძაფრი შეგრძნება. ჩანდრა მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს ფანტაზიით, მძაფრი ინტუიციით და გამომგონებლობის ნიჭით აჯილდოებს, მაგრამ მათ არ ჰყოფნით გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ხშირად ეცვლებათ ხასიათი და ახლობლების მხარდაჭერა სჭირდებათ. რაც შეეხება პროფესიას, მათგან კარგი ფსიქოლოგები და თერაპევტები გამოდიან. შეუცვლელები არიან შემოქმედებით სფეროშიც.

ჩანდრას მფარველობის ქვეშ მყოფ პიროვნებებს ვურჩევთ თავი აარიდონ სტრესებს, რომელთაც შესაძლოა, გულისა და კუჭის დაავადებები მოჰყვეს. გარდა ამისა, მათ მიდრეკილება აქვთ ბრონქული დაავადებებისადმი.

გურუ – თავდაჯერებული ოპტიმისტები, საიმედოები, მაგრამ ეჭვიანები

გურუ ანუ ბრაჰასპატი გულუხვი პლანეტის სახელწოდებაა. მის განკარგულებაშია რელიგია, ფილოსოფია, სულიერება და სიმდიდრე. დიდებული, ნაყოფიერი და ენერგიული გურუ წარმატებას, სახელსა და შვილებს გპირდებათ. გურუ შემოქმედებითი აზროვნების მანათობელი ვარსკვლავია.

გურუ მართავს ციფრ 3-ს  და 3, 12, 21, 30  რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს. ისინი ძალიან დისციპლინირებულნი, თავდაჯერებულები და ინიციატივიანი პიროვნებები არიან. არ უყვართ ხელქვეითობა და მცირემასშტაბიანი ამოცანები. მუდამ წარმატებისკენ მიისწრაფვიან და აღწევენ კიდეც მას. უყვართ მოგზაურობა და ხშირად საცხოვრებელ ადგილსაც კი იცვლიან. გურუს „ადამიანები“ შეუდარებელი პარტნიორები არიან, თუმცა ძალიან ეჭვიანები, რის გამოც მათთან ურთიერთობა ცოტა რთულია.

ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები მუდმივ ყურადღებას ითხოვენ. დაზღვეულნი არ არიან ნერვული დაძაბულობისაგან, კანის დაავადებებისაგან, ართრიტისა და დიაბეტისაგან. კარგი იქნება, თუ ორმოცი წლის ასაკიდან მეტ ყურადღებას დაუთმობენ ჯანმრთელობასა და დიეტის დაცვას შეეცდებიან.

რაჰუ – ჩაკეტილი და მოუსვენარი

რაჰუ ხელმძღვანელობს რიცხვებს: 4, 13, 22 და 31. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები ჭკვიანები, მაგრამ ჯიუტები და ადვილად აღგზნებადი პიროვნებები არიან, თუმცა, ამავე დროს, ადვილად უმკლავდებიან ბედისწერის სიურპრიზებს. ახასიათებთ ფანტაზიების სიუხვე, გამჭრიახი გონება, მისწრაფება წარმატებებისკენ, „ვოიაჟებსა“ და გადაადგილებებისკენ. ხშირად ყოველგვარი მერყეობის გარეშე არღვევენ კანონებს. სწორედ მათთვის არის ზედგამოჭრილი რეფორმები, რომლებიც საზოგადოებრივი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მათ იზიდავთ ხელოვნება. არიან საკმაოდ გალანტურები და ხშირად სასიყვარულო ისტორიების გმირები ხდებიან. წარმატებებს აღწევენ ისეთ საქმიანობებში, სადაც გონებამახვილობა და გამბედაობაა საჭირო.

რაჰუს „ადამიანებს“ მიდრეკილება აქვთ გაციებისა და სხვადასხვა ინფექციებისადმი. ახასიათებთ არტერიული წნევის ცვალებადობა. კარგი იქნება, თუ ცოტა მშვიდად იცხოვრებენ და დიეტას დაიცავენ.

ბუდჰა – ინტელექტუალურები და ლაზღანდარები

ბუდჰა ინტელექტის, ურთიერთობისა და იუმორის პლანეტაა. მისი სახელი ცოდნას ნიშნავს. იგი მეტყველების, მოხერხებულობის, ვაჭრობისა და სწავლის სიმბოლოა. შესანიშნავი უნარი აქვს, რომ რეალური ირეალურისგან განასხვაოს.

ბუდჰას ციფრია 5 და 5, 14, 23 -ში დაბადებული ადამიანები, რომელთაც პერმანენტურად გონებრივი აქტიურობა ცვლილებებისკენ უბიძგებთ. ხანდაზმულობის ასაკამდე მათ ირგვლივ ყოველთვის არიან მეგობრები, რომლებიც ძალიან აფასებენ ამ ადამიანების იუმორის გრძნობას. მიუხედავად ამისა, ბუდჰას მფარველობის ქვეშ მყოფ პიროვნებებს უჭირთ ადამიანებთან ძალიან ახლო კონტაქტის დამყარება. კარგი კომერსანტები არიან, თუმცა ზოგჯერ ფინანსური პრობლემებიც ექმნებათ. მათგან საკმაოდ კარგი ჟურნალისტები შეიძლება გამოვიდნენ, რადგან არაჩვეულებრივი ლოგიკა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი აქვთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, პრობლემები ექმნებათ წნევასთან, კანსა და ნერვებთან დაკავშირებით. უნდა შეეცადონ არ გადაიღალონ და გონებას და სხეულს დასვენების საშუალება მისცენ.

შუკრა – სენტიმენტალური და გაწონასწორებული

ინდური მითოლოგიის მიხედვით, უდიდესმა წინასწარმეტყველმა ბჰრიგუმ თავის შვილს – შუკრას წმინდა ტექსტებისა და ბუნებრივი მეცნიერებების საიდუმლოებები გააცნო. ამ ქალური პლანეტის ელემენტს წყალი წარმოადგენს. შუკრა პასუხს აგებს სიყვარულსა და ხელოვნებაზე.

ამ პლანეტის მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდამ სიამოვნებისკენ მიისწარაფვიან. უყვართ სიმდიდრე და კომფორტი. შუკრა ადამიანებს ესთეტიკური მგრძნობელობითაც აჯადოებს, ამიტომ ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და უმეტეს შემთხვევაში ელეგანტურად გამოიყურებიან. ისინი თავიანთ ქცევებში უფრო გრძნობებით ხელმძღვანელობენ, ვიდრე ლოგიკით.

შუკრას „ადამიანები“ თითქოს მიწებებული არიან მშობლებზე და სადაც არ უნდა იყვნენ, მუდამ სახლში ბრუნდებიან. საოცრად ვნებიანები სწრაფად წყვეტენ დაოჯახების საკითხს.

შუკრას ციფრია 6 და ის 6, 15, 24-ში დაბადებულ ადამიანებს მართავს. ეს ადამიანები იმ სფეროებში ახერხებენ თვითრეალიზაციას, სადაც საღი გონება, მშვენიერების შეგრძნება და სისტემატიზაციაა საჭირო. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ფილტვებს უნდა გაუფრთხილდნენ.

კეტუ – ინტრავერტები, ასკეტები და ანტიკონფორმისტები

კეტუ ნახევარპლანეტაა, სურიას აჩრდილი, რომელიც საკუთარ თავში აჯამებს ურწმუნოებასა და საწინააღმდეგო მოქმედებისკენ მიდრეკილებას. კეტუ ასკეტიზმისაკენ მოუწოდებს. მისი დადებითი თვისებაა კარგი კონცენტრაციის უნარი, ინტუიცია და ბუნებრივი საშუალებებით განკურვნის შესაძლებლობები.

კეტუს ციფრია 7 და 7, 16 და 25-ში დაბადებულ ადამიანებს ხელმძღვანელობს. ამ რიცხვებში დაბადებულია ადამიანები რომანტიკულები და კეთილშობილები არიან, არ ახასიათებთ სიძუნწე, ვერ ეგუებიან უსამართლობას და ყოველთვის თავისუფლებისკენ ისწრაფვიან. გარეგნულად ანარქისტების შთაბეჭდილებას სტოვებენ, თუმცა შინაგანად საკმაოდ ორგანიზებულები არიან და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევიან, რომელიც ფიზიკურ  და სულიერ წონასწორობას ითვალისწინებს.

კეტუს „ადამიანებს“ საკუთარი თავის იდუმალების ბურუსში გახვევა უყვართ. აინტერესებთ ოკულტური მეცნიერებები. მათთვის ოპტიმალური პროფესიებია ექიმობა და გეოლოგობა.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მათი სუსტი ორგანო კუჭია. ახასიათებთ სისხლის მიმოქცევის სისტემების ცვალებადობაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას და უარი თქვან სიგარეტზე.

შანი – დაბალანსებულები და კონკრეტულები

ინდური მითოლოგიის მიხედვით, შანს მიჰყავს ეტლი, რომელშიც სურია ზის. ახასიათებს მედიტაციის უნარი, ობიექტურობა და დისციპლინირებულობა.

შანი მართავს რიცხვებს: 8, 17, 26. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები საოცრად რეფლექსურები არიან, მაგრამ მელანქოლია ახასიათებთ. ისინი ერთი შეხედვით მრისხანე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სინამდვილეში ძალიან გაგებულები არიან, ყოველთვის მზად არიან დაიცვან ირგვლივ მყოფების ინტერესები. განმსჭვალულნი არიან მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც საშუალებას აძლევთ ისეთ სფეროებში გამოიჩინონ თავი, სადაც მეტი პრაქტიკულობა და ორაგნიზებულობაა საჭირო. ამ ადამიანების უმეტესობა წინდახედულები და ნებისყოფიანები არიან, ამიტომაც ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს. 30 წლის მიღწევის შემდეგ მათ აუცილებლად გაუღიმებთ ფორტუნა. შანის „ადამიანები“ არ უნდა განმარტოვდნენ და მისტიკურ გეგმებში არ უნდა ჩაეფლონ. დეპრესიისგან იუმორის გრძნობა გადაარჩენთ.

კუჯა – გულწრფელები და იმპულსურები

კუჯა მამაკაცური პლანეტაა – მობუზღუნე, მამაცი, ენერგიული, ცხელი… ასახიერებს ვნებიანობას და სამყაროში თვითგამოხატვის უნარს. ინდურ მითოლოგიაში კუჯა მიწის შვილია.

კუჯა მართავს რიცხვებს 9, 18, 27. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებების მიღებით ხასიათდებიან. ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წინ კარიერულ კიბეზე; ყოველთვის ღრმად ეცნობიან სიტუაციას და ბოლომდე უკირკიტებენ ყველაფერს; ვერ იტანენ მის საქმეებში ჩარევას, წარმატების მისაღწევად მუდამ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. ისინი მაქსიმალურად კარგად ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც ტექნიკურ გონებას, ინტუიციას და სითამამეს მოითხოვს.

კუჯას ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ინფექციებისკენ, ასევე, ძვლებისა და ნერვული სისტემის დაავადებებისკენ. თავი უნდა აარიდონ მუდმივ აგრესიას, იყვნენ უფრო დისციპლინირებულნი და ყველაფერი კარგად იქნება.

მოამზადა თამთა გურულმა

შანს მიჰყავს ეტლი, რომელშიც სურია ზის.

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close