სმითების ოჯახმა მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს ამერიკიდან წერილი გამოუგზავნა
ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს სმითების ახლობლებმა აშშ-იდან წერილი გაუგზავნეს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა კობაურს გააცნო. კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ წერილის წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ადვოკატები ამბობენ, რომ წერილი ეხებოდა კითხვებს, რომელიც მაიკლ სმითის დედას აქვს. მათივე თქმით, იგი კობაურს თანამშრომლობას სთავაზობს, რომ საქმე გამოიძიოს. ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და წერილის გადაცემას ითხოვენ:
„ამ წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა გააცნო და წაიღო უკან, თითქოსდა, სასამართლოზე წარდგენის მიზნით, თუმცა სასამართლო პროცესები ამ საქმეზე უკვე დასრულებულია“, – ამბობენ ადვოკატები.
ისინი ეჭვქვეშ აყენებენ, რამდენად სწორად გააცნეს წერილი მწყემსს, რომელმაც ინგლისური არ იცის.
„ჩვენ დავწერეთ განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვაზე და მნიშვნელოვანია, ჩვენც გავეცნოთ ამ წერილს, რადგან სმითების ახლობლებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცემია“, – თქვა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
ადვოკატების განცხადებით, მალხაზ კობაურის საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა, დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. სმითების მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 2018 წლის 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, 2019 წლის 27 მარტს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები