საზოგადოებასაქართველო

საქართველოში ძიძებთან დაკავშირებით რეგულაციები ამოქმედდება

ძიძების მხრიდან ბავშვების სასტიკი ცემის ფაქტები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრობლემაა. უმძიმესი კადრები სხვადასხვა დროს ფარული კამერითაა გადაღებული და ყველა ვიდეოს შინაარსი მსგავსია: მოძალადე ძიძა და დაუცველი ბავშვი.

გახშირებული ძალადობის შემთხვევები ძიძების საქმიანობის მკაცრად გაკონტროლების მიზეზი გახდა და ამ მიზნით მთავრობა ნებაყოფლობით სერტფიცირებას იწყებს. ახალ კოდექსთან დაკავშირებით გადაცემა „იმედის დილა“ დაინტერესდა და სიუჟეტი მოამზადა.

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში შემზარავი ვიდეო გავრცელდა. ძიძა ბავშვს სახეში ურტყამდა და ჭამას აიძულებდა. ძალადობის შედეგად პატარამ სხეულის დაზიანებები მიიღო. მშობლები სოციალურ ქსელში ძიძის მხრიდან უხეშად მოპყრობის ფაქტებზე ხშირად საუბრობენ; მათი თქმით, მხოლოდ სახლში დამონტაჟებული კამერების საშუალებით იგებენ, რომ მათ შვილებს არასათანადოდ ეპყრობიან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ბავშვთა უფლებების კოდექსში რეგულაციების ამოქმედების შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სერტიფიცირება ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსოქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებას მოიცავს.

თავად პროცესი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათი თქმით, ძიძას რომელსაც მსგავსი სახის სერტიფიკატი ექნება, ბავშვების აღზრდას უფრო თამამად ანდობენ. „იმედის დილის“ სიუჟეტში გამოკითხულთა ძიძების უმრავლესობა ამ პროექტს მიესალმება, ნაწილი კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ფსიქოლოგები მშობელებს  ურჩევენ, ბავშვის ძიძა სიფრთხილით შეარჩიონ, რადგან ბავშობაში მიღებული ტრავმა შესაძლოა მოზარდის ფსიქიკაზე მომავალში ცუდად აისახოს. მათი თქმით, სერტიფიცირების პროცესი ძალიან დროული და მნიშვნელოვანია, ეს ბაზარზე კვალიფიციურ კადრებს გააჩენს და ძიძის პროფესიას უფრო პრესტიჟულს გახდის.

სერტიფიცირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრისთვის განათლების სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს. შესაბამისად, მომავალი წლიდან მშობლები თავად გადაწყვეტენ, ბავშვის აღზრდა სერტიფიცირებულ ძიძას მიანდონ თუ არასერტიფიცირებულს.

ნახეთ სიუჟეტი:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close