ზესტაფონში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ორი შვილი გარდაიცვალნენ
ზესტაფონში 24 წლის ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი 16 სექტემბერს იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, ახლაგაზრდა ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. ბავშვები 2 და 4 წლისანი იყვნენ.
გარდაცვლილი მირანდა სხილაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.
„2 კვირის გადმოსული იყო ზესტაფონში ქირით, მანამდე სოფელში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად. გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო და რაიმე საქმით დაკავებულიყო, მაგრამ არ დასცალდა… დღეს მთელი დღე ურეკავდნენ მშობლები, მაგრამ რომ არ უპასუხა, შემდეგ მისმა სიძემ მოახერხა ფანჯრიდან გადასვლა და ეს ამბავი დახვდა… სამივე, დედაც და შვილებიც სავარძელში გარდაცვლილი ნახეს, როგორც ჩანს, საღამოს ტელევიზორს უყურებდნენ“, – თქვა AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილი გოგონას ნათესავმა.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა.
პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. „სოკარ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში შემოწმდა და არასწორად დამონტაჟების ცხრა შემთხვევა გამოვლინდა. ბინა კი, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ შეამოწმეს. საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და ბინა დალუქულია. მომხდარის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერები და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა ამ კუთხით უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იქნება.
კომენტარები