ესპანელმა არქეოლოგებმა იბერების ეპოქის ნაგებობა აღმოაჩინეს
უძველეს ისტორიულ წყაროებში არსებობს მოსაზრება კავკასიისა და ესპანეთის იბერების ნათესაობის შესახებ, რაზეც წერდნენ აპიანე ალექსანდრიელი, სტრაბონი თუ გიორგი მთაწმინდელი.
ესპანელმა არქეოლოგებმა უძველესი დასახლების გათხრებისას იბერების მიერ აგებულ ყველაზე დიდ ნაგებობას მიაგნეს მათ შორის, რაც აქამდეა ცნობილი. ამის თაობაზე გაზეთი Pais-ი წერს.
იბერები ესპანეთის უძველესი მოსახლეობაა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჩვენს ერამდე დაახლოებით მესამე ათასწლეულიდან ცხოვრობდა. ძველთაგანვე არსებობს მოსაზრება კავკასიის იბერების მათთან ნათესაობის შესახებ (აპიანე ალექსანდრიელი, სტრაბონი), რაც ცნობილი იყო ქართველი მოღვაწეებისთვის ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში (გიორგი მთაწმიდელი).
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ფართობი 70 კვადრატული მეტრია, ხოლო სიმაღლე – 3 მეტრი; ის სამი ოთახისგან შედგება და შედის La Cava-ს კომპლექსში, რომელიც 8 ჰექტარზეა გადაჭიმული.
შენობის დანიშნულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ზოგი ვერსიით, ის ტაძარი უნდა იყოს.
გარდა ახლად აღმოჩენილი ნაგებობისა, კომპლექსში ასევე შედის ბრინჯაოს ხანის დასახლების ნაშთები, ციხესიმაგრის დამცავი თხრილი, აგრეთვე, კლდე, რომელშიც მცირე ნიშებია გამოთხრილი. მეცნიერთა ვარაუდით, ამ ნიშებს დეკორატიული ან რელიგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი აღმოჩენაა 70 მეტრი სიგრძის გალერეაც, რომელიც 7 მეტრის სიღრმეზეა გათხრილი.
sputnik-georgia.com
კომენტარები