მედიცინასაზოგადოებასაქართველო

16 წლის მოზარდი კომაშია!- რეანიმობილი, რომელმაც ლუკას სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო

16 წლის ლუკა ორ კვირაზე მეტია სიცოცხლისთვის იბრძვის ქუთაისის დიაგნოსტიკურ საავადმყოფოში. იქ მოსახვედრად ლუკამ გრძელი, უფრო ზუსტად კი, ხანგრძლივი გზა გაიარა. ამბროლაურში დასასვენებლად ჩასული მოზარდი 20 ივლისს, დილის 6:15 საათზე, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანა.

ბიჭი საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისათვის რეანიმობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ეკა მურუსიძე ამბობს, რომ კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე ექიმებმა ბიჭის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ მოზარდის მდგომარეობა უნდა დამძიმებულიყო.

ლუკასთვის რეანიმობილი ლენტეხიდან წამოვიდა, რადგან ამბროლაურში რეანიმობილი არ არის. რეანიმობილმა რაჭაში გამოძახებიდან დაახლოებით ორ საათში ააღწია. დამატებით კიდევ ორი საათი დასჭირდა ბიჭის რეანიმობილში გადაყვანასა და მიმღებ კლინიკასთან შეთანხმებას. ლუკამ ამბროლაურის საავადმყოფო 10:40 საათზე დატოვა. რეანომობილში ბიჭთან ერთად ჩაჯდა მისი მამიდა, სასწრაფოს ექიმი ფატი ფოფხაძე.

ფატი ფოფხაძე, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმად 15 წელია მუშაობს, რადიო „თავისუფლებას“ უყვება იმ დეტალების შესახებ, რომლებმაც, მისი თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება გამოიწვია. მისი სიტყვებით, რეანიმობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა, გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა. ფატი ფოფხაძე იმასაც ამბობს, რომ ლენტეხიდან ჩამოსულ რეანიმობილს თან მოჰყვა არა რეანიმატოლოგი, არამედ რიგითი ექიმი:

„მანქანა არ გაფუჭებულა. მწყობრიდან გამოვიდა კუსტარულად დამონტაჟებული აპარატურა. ექიმი თავიდანვე ანერვიულებული იყო, ეშინოდა ბავშვის ტრანსპორტირება. ვუთხარი, შეტყობინება რომ შემოვიდა და გაიგეთ, რომ პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ნეიროგენული შოკით, როგორ გაბედეთ რიგითმა ექიმმა ასეთი პაციენტის ტრანსპორტირებაზე დათანხმება-მეთქი. რეანიმობილში ჩასხდომიდან მალევე ჟანგბადის ნაკლებობაზე დაიწყეს ლაპარაკი. პანიკაში ჩავვარდი, მაგრამ მაწყნარებდნენ, არა, გვეყოფაო. ვერ მომატყუებდნენ, შევატყვე, რომ აპარატურა არ იყო მწყობრში, ბალონები არ იყო ბოლომდე დატენილი. ბავშვს არ მიეწოდებოდა ჟანგბადი, მონიტორზე იყო არასწორი ციფრები, ამან გამოიწვია ბავშვის ფილტვ-გულის გაჩერება. ექიმ-რეანიმატოლოგმა, რომელიც ამბროლაურიდან გამოგვყვა მანქანით, გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. ნაქერალადან ტყიბულში ჩასასვლელად 15 წუთი დაგვჭირდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვის ტვინი უჟანგბადოდ დარჩა და ბიჭი ტყიბულის საავადმყოფოში, ფაქტობრივად, მკვდარი მივიყვანეთ. ტყიბულში ბავშვს ელექტროშოკი გაუკეთეს და გული ამუშავდა“.

ლუკას გადასაყვანად ამჯერად ქუთაისიდან გამოიძახეს რეანიმობილი. რეანიმობილმა დაიგვიანა:

„ქუთაისიდან ტყიბულში რეანიმობილის ჩამოსვლას სამი საათი დასჭირდა, არადა ერთი საათის გზაა. მოვიდა ექიმი, ნახა ბავშვი და თქვა, ტრანსპორტირებას აზრი არ აქვს, მკვდარიაო. არადა, ბავშვი მას მერე მეთორმეტე დღეა ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს და სტაბილურად მძიმე მდგომარეობას. ჩვენი ძალდატანებითა და წივილ-კივილით გადაიყვანეს ქუთაისში, ქუთაისის სადიაგნოსტიკო ცენტრში. დღესდღეობით ლუკა სასიცოცხლო მონაცემებს ინარჩუნებს, თუმცა, ექიმები სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ“, – ამბობს ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე.

ლუკას ამბავი, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეანიმობილის არარსებობისა და დაგვიანების გამო რაჭაში პაციენტების ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნათ, იყო გარდაცვალების შემთხვევაც.

(შემოკლებული ვარიანტი)

სრულად იხილეთ რადიო „თავისუფლების“ საიტზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close