ილონ მასკის კომპანია ამზადებს ჩიპს, რომელიც ადამიანის ტვინს კომპიუტერთან დააკავშირებს
თქვენი გონება და კომპიუტერი შეიძლება ერთმანეთს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ილონ მასკის განცხადებით, მისი ნეიროტექნოლოგიური სტარტაპი NEURALINK-ი მომავალ წელს ადამიანის თავის ტვინის იმპლანტი მოწყობილობების გამოშვებას დაიწყებს.
მასკის თქმით, Neuralink-ის სისტემა პატარა ჩიპში იქნება, რომელიც ტვინში გადაინერგება და ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზის საშუალებას მისცემს.
4X4 მმ ზომის ჩიპები ნეირონების სიმულირებას მოახდენენ; ნეირონები ადამიანის თავის ტვინის ნერვული უჯრედებია, რომლებიც სხვა უჯრედებს ეკონტაქტებიან და ამისათვის ელექტროდების ციცქნა, მოქნილ ძაფებს იყენებენ. ელექტროდის თითოეული ძაფი სპეციალური რობოტის გამოყენებით ჩამონტაჟდება; მასკის თქმით, ეს პროცედურა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც თვალის ლაზერული ოპერაცია.
რა თქმა უნდა, მასკი აცნობიერებს, რომ გარკვეული დროა საჭირო, სანამ ამ ფუტურისტულ სისტემას აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია მწვანე შუქს აუნთებს.
მისი განცხადებით, სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ტვინის სხვადასხვა აშლილობის, მაგალითად, ალცჰაიმერისა და პარკინსონის სამკურნალოდ, საბოლოოდ კი დაიცავს და გაზრდის ტვინის ფუნქციას. მისი თქმით, Neuralink-ის ჩიპები 1000-ჯერ უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ელექტროდებით სიმულირების სხვა სისტემები.
Neuralink-ის პრეზიდენტი მაქს ჰოდაკი აღნიშნავს, რომ სისტემა უკაბელო იქნება და წლობით და ათწლეულობით გაძლებს.
კომპანია Neurofeedback Neuroboost-ის დამფუძნებელი ფილიპ ჰაილერი აღნიშნავს, რომ ასეთი სისტემები გარკვეულ რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტვინის დაზიანება, ანთება და ნაწიბურების განვითარება.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მიკროტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელი თომას შტიგლიცი კი აცხადებს, რომ Neuralink-ის გრძელვადიანი მიზნები ზედმეტად არარეალისტურია.
„უბრალოდ შეუძლებელია, ტვინში არსებული მთელი ცოდნა სადღაც ატვირთო და შემდეგ უკან, კვლავ ტვინში ჩამოტვირთო. მხატვრულ ფანტასტიკაში ასეთი რამ მომაჯადოებელია, მაგრამ რეალობაში, უბრალოდ, სისულელე“, – ამბობს შტიგლიცი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.
1tv.ge
კომენტარები