„ეს არის მაქცია“ – ლენტეხში დალის ქანდაკების დადგმა მეუფის პროტესტის გამო გადაიფიქრეს

ლენტეხის ცენტრში ნადირობის ქალღმერთის, დალის ქანდაკების დადგმას ლენტეხი-ცაგერის მიტროპოლიტი სტეფანე ეწინააღმდეგება.

მუნიციპალიტეტმა ქანდაკების აღმართვა შადრევანზე გადაწყვიტა, რომლის რეაბილიტაციისთვის 185 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, შადრევანზე ორ ჯიხვთან ერთად დალის ქანდაკება უნდა დადგან.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ხელშეკრულებაც გაფორმებულია,  თუმცა ახლა ირკვევა, რომ მეუფის წინააღმდეგობის გამო პროექტის ავტორებს ესკიზის შეცვლა მოუწევთ.

მეუფე დალის პერსონაჟს მაქციას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში მისი გამოსახულების აღმართვა კერპთაყვანისმცემლობაა.

მიტროპოლიტი ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლის სვანური კოშკით ან სხვა სიმბოლიკით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს, პარალელურად მრევლისადმი მიმართვის წერილს ამზადებს.

„ადამიანმა ისწავლა, როგორ გადააბიჯოს სინდისს და გონების ბოროტად  გამოყენებით ატყუებს თავის თავს ცრუ ღმერთებით და მათთან დაკავშირებული ზღაპრების ანუ მითების გამოგონებით. მივმართავ ყველას, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და, ამავე დროს, მხარს უჭერს ლენტეხის ცენტრში დალის კერპის აღმართვის იდეას. დალი – ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი მზეთუნახავის გარეგნობის, ულამაზესი საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის ფორმით. იგი, მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, ეხმარება ნადირობაში. მონადირე ამ საიდუმლოს ინახავს და პირობის დარღვევის შემთხვევაში იღუპება“, – ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსი „ქუთაისიპოსტს“  მეუფე სტეფანემ  სატელეფონო საუბარში გააცნო.

მეუფე „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ ქანდაკების შესახებ მან მრევლისგან შეიტყო და, როგორც ქრისტიანი, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოება გააფრთხილოს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეუფის პოზიცია უკვე  იციან და ამბობენ, რომ ესკიზის კორექტირება მოხდება.

„მეუფის პოზიციაა ასეთი, მითოლოგიური პერსონაჟი რომ არ იყოს, უკეთესი იქნებაო. პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ ალბათ კორექტირება მოხდება“, – ამბობს ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი.

რა პრინციპით შეირჩა თავის დროზე  შადრევანის თემატიკა, რომელმაც სასულიერო ხელისუფლება საეროს დაუპირისპირა, მერმა არ იცის.

kutaisipost.ge

კომენტარები