საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესხებ ადგილობრივ მედია ავრცელებს.
მიცოტაკისის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 158-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 142-მა პარლამენტარმა მისცა ხმა.
კენჭისყრამდე ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საბერძნეთის მოქალაქეების ცხოვრების პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდეს. მან გადასახადების შემცირებაც დააანონსა.
მიცოტაკისის თქმით, „საბერძნეთს ექნება სტაბილურობა ქვეყნის შიგნით და ნდობა საზღვარგარეთ“.
პრემიერ-მინისტრმა, თავისი წინამორბედის, ალექსის ციპრასის მთავრობა და მისი ყოფილი ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისიც გააკრიტიკა და ციპრასის მთავრობას საბერძნეთის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობა დააკისრა.
რაც შეეხება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონიასთან სახელწოდების შეცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რომლის წინააღმდეგაც მიცოტაკისი ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოდიოდა, მისი განცხადებით, აზრი არ შეუცვლია და კვლავ მიიჩნევს, რომ ეს ცუდი შეთანხმებაა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია და მისი ცალმხრივად გადახედვა შეუძლებელია.
კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ნეა დიმოკრატიამ“ 7 ივლისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 300-იდან 158 მანდატის მიღება შეძლო (ხმათა 39.85%) და უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა არ დასჭირდა. ყოფილი პრემიერის, ალექსის ციპრასის პარტია „სირიზამ“ კი მხოლოდ 86 მანდატი მიიღო (ხმათა 31,53%). აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში შევიდა კირიაკოს მიცოტაკისის მიერ გაკრიტიკებული იანის ვარუფაკისის ახალშექმნილი პარტიაც – „მერა25“ /ΜέΡΑ25 9 სადეპუტატო მანდატის მფლობელია.
ნინო ბაჯელიძე
მსგავს თემაზე: საბერძნეთი: არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია, ახალი მთავრობა ფიცს დებს
კომენტარები