საბერძნეთი: არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია, ახალი მთავრობა ფიცს დებს

8 ივლისს, საღამოს ცნობილი გახდა საბერძნეთის პარლამენტის არჩევნების ოფიციალური შედეგები. დღეს, 9 ივლისს ახალი მთავრობა ფიცს დადებს და მუშაობას შეუდგება.

ოფიციალური მონაცემებით, პირველ ადგილზე გავიდა პარტია „ნეა დიმოკრატია“, რომელმაც ხმების 39.85% მიიღო და პარლამენტში 158 ადგილი მოიპოვა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის „სირიზამ“ ხმების 31.53% მიიღო. „სირიზას“ პარლამენტში 86 დეპუტატი ეყოლება. „კინალი“ (ყოფილი „პასოკი“) 22 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ახალი მოწვევის პარლამენტში. ერთ დროს ძლევამოსილმა პარტიამ ამჯერად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 8.1%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ტრადიციულად, 3-პროცენტიანი ბარიერი გადალახა საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ – 5.3% და 15 დეპუტატი. პირველად მოხვდა პარლამენტში მემარჯვენე „ელინიკი ლისი“ (Ελληνική Λύση), პარტიამ ხმების 3.7% მიიღო და 10 პარლამენტარი ეყოლება. კიდევ ერთი „დებიუტანტი“, ყოფილი ფინანსთა მინისტრის, იანის ვარუფაკისის მიერ დაარსებული „მერა25“ (ΜέΡΑ25) 9 სადეპუტატო მანდატის მფლობელია. 3.44% – ასეთია არჩევნებზე ახალი პარტიის შედეგი. დანარჩენმა პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, მთლიანობაში ამომრჩეველთა ხმების 8 პროცენტი მიიღეს.

რეგიონების მიხედვით თითქმის ყველგან „ნეა დიმოკრატიამ“ გაიმარჯვა. „სირიზამ“ გაიმარჯვა კუნძულ კრეტაზე, ქსანთის რაიონში, ასევე, არტის, ახაიის ოლქებსა და დასავლეთ ატიკის მეორე ოლქში.


ამდენად, საბერძნეთის ახალ პარლამენტში 6 პარტია იქნება წარმოდგენილი. აქედან 4 პარტია მემარცხენეა. მათ ჯამში ხმების თითქმის ნახევარი მოაგროვეს, მაგრამ ხელისუფლებაში მემარჯვენე-ცენტრისტული „ნეა დიმოკრატია“ მოვიდა. „ელინიკი ლისი“ ახალი მემარჯვენე-კონსერვატიული გაერთიანებაა. ამ პარტიამ, როგორც ჩანს, ულტრამემარჯვენე „ხრისი ავღის“ წაართვა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ნეონაცისტები ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ. ახალი პარტიის შესახებ ცალკე მოგითხრობთ.

ალექსის ციპრასმა უკვე გადასცა უფლებამოსილება ახალ პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს. მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. დღეს, 9 ივლისს მთავრობა ფიცს დადებს, ხოლო 10 ივლისს პირველ სხდომას გამართავს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები