ინტერვიუ

ირმა სოხაძე: „ჩვენს საყვარელ და საამაყო ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ ისინი ყველანი გმირები არიან“

ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. რა შემოქმედებითი სიახლეებია თქვენს ცხოვრებაში?

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! მიხარია თქვენთან შეხვედრა! ეს ბოლო პერიოდი ძალიან დაკავებული ვიყავი, ივნისის ბოლოს მქონდა ჩემი სტუდიის – „მხიარული ნოტების“ გამოსაშვები საღამო, სულ ახლახან კი გვქონდა პრეზენტაცია დისკისა „კვარტეტი თბილისი 50“, ორივე საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა! კვარტეტ „თბილისში“ მე 1972 წელს მივედი, 16 წლის, იქ გავიცანი კვარტეტის ხელმძღვანელი, ჩემი მომავალი მეუღლე (დღემდე😃) რეზო ასათიანი. ძალიან მინდა, ეს დისკი მოგაწოდოთ! ვიცი, ისიამოვნებთ!

როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

ყველა ქვეყანა საინტერესოა, მაგ.: იაპონიამ ძალიან განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იტალია, ესპანეთი ან საფრანგეთი ნაკლებად მომეწონა. ასევეა ამერიკა, ინგლისი თუ სხვები. ქვეყანა რომ სწორად შეაფასო, იქ რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მე პრაღის მეტი სანგრძლივად არსად დავრჩენილვარ (პრაღაში ჩემი სალომე ცხოვრობს ოჯახთან ერთად), ამიტომ პრაღა ძალიან მიყვარს.

რაიმე საინტერესო ამბავს, ან კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც უცხოეთში ყოფნისას გადაგხდათ თავს?

კურიოზები არ მიყვარს და, საბედნიეროდ, მგონი არც მათ ვუყვარვარ!.😃 სასიამოვნო სიურპრიზები კი ბევრი ყოფილა, მაგ.: აშშ-ში, სიეტლში ყოფნისას ერთ საღამოს წვეულებაზე ვიმღერე რამდენიმე ჯაზური ბალადა. მეორე დილასვე დამიკავშირდნენ, წამიყვანეს და გამაცნეს იქაური არაჩვეულებრივი ჯაზ-ტრიოს მუსიკოსები, უცებ გავიარეთ 12 ჯაზური სტანდარტი, დავადგინეთ ტონალობები და იმავე დღეს გავმართეთ დაუვიწყარი საღამო ცნობილ Jazz Alley-ში.

თუ გაქვთ რამე გამორჩეული სუვენირი უცხო ქვეყნიდან?

ვცდილობ, ყველა ქვეყნიდან რაიმე დამახასიათებელი სუვენირი წამოვიღო, ზოგი შენახული მაქვს, ზოგი გამებნა… ორი საათი შემომრჩა, ვენიდან და ტოკიოდან, დღესაც ერთი კედელზე მიკიდია, მეორე ჩემს ტრიუმოზე დგას. კოლექციებს დიდი ხანია აღარ ვაგროვებ, თუ არ ჩავთვლით მაცივარზე მისაწებებელ სუვენირებს, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს.

რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად?

ადრე, ხორცეულს როცა მივირთმევდი, ძალიან მიყვარდა ქართული, ფრანგული, იტალიური, გერმანული კერძები. 10 წელზე მეტია, თითქმის ვეგეტარიანელი ვარ – თევზის, რძის ნაწარმის და, იშვიათად, ფრინველის გარდა, ხორცეულს აღარ გეახლებით, ამიტომ ძალიან შემიყვარდა აღმოსავლური სამზარეულო – იაპონური, ჩინური კერძები.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს?

ალბათ შეიძლება, ოღონდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში – თუ ბავშვობიდან თანაბარ დროს და სიყვარულს უნაწილებ და გიბრუნებს ორი ქვეყანა, ალბათ შეიძლება. დიდობაში, ჩემი აზრით, მეორე სამშობლოს ვეღარ შეიძენ. შეიძლება გაცვალო ძველი ახალში, მაგრამ ორივე სამშობლო ერთდროულად ერთნაირ მონატრებას და სხვა განცდას რომ იწვევდეს, ვერ ვიჯერებ, ვერ წარმომიდგენია!

რას ნიშნავს ქართველობა თქვენთვის და საქართველო რომ არა, სად ისურვებდით დაბადებას?

ქართველობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია, ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი, რომ როცა ვამბობ, რომ ქართველი ვარ, დიდ სიამაყეს ვგრძნობ! და სიხარულს! ამიტომ ვერ წავედი ვერსად, უფრო დიდი კარიერის გაკეთების მიზნით!.. შეიძლება, ზოგს სისულელედ მოეჩვენოს, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასეა. ვერ წავედი. არც ის ვიცი, სად ვისურვებდი დაბადებას, აქ რომ არ დავბადებულიყავი. ალბათ, ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში თავს კარგად ვიგრძნობდი…  მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბედნიერი ვარ, საქართველოში რომ დავიბადე!

შეიძლება, რომ ადამიანი უცხო მიწაზე ბედნიერი იყოს?

რა თქმა უნდა! რამდენი ადამიანი ვიცი, ჩემი უახლოესი მეგობრების ჩათვლით, რომლებიც სრულიად შეგნებულად, თავიანთი ნებით, ყოველგვარი იძულებითი პირობების და გარემოებების გათვალისწინების გარეშე, წავიდნენ და ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში და ძალიან ბედნიერები არიან! რეალიზებულები, კმაყოფილები… კარგია, როცა ადამიანი თვითონ აკეთებს თავისუფალ არჩევანს – მიდის ან რჩება! სულ სხვაა, როდესაც გარემოებები გვკარნახობენ და გვაიძულებენ, არჩევანი გავაკეთოთ – წავიდეთ ან დავრჩეთ – ჩვენი სურვილის და კეთილი ნების საწინააღმდეგოდ.

დაბოლოს, რას უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

ჩვენს საყვარელ და საამაყო ემიგრანტებს, ჯერ ერთი, ვეტყოდი, რომ ისინი ყველანი გმირები არიან, მათ ოჯახები იხსნეს და გადაარჩინეს! ეს ყველას არ შეუძლია, მაგალითად მე!.. მერე ვეტყოდი და ვუსურვებდი – მალე ყველას თავისი არჩევანი გაეკეთებინოს და სურვილის და არა ვალდებულების მიხედვით მიეღოს გადაწყვეტილება!.. და კიდევ – მინდა მალე ისეთი ქვეყანა გვქონოდეს, ყველას შეგძლებოდეთ დაბრუნება და თქვენს მიწაზე ბედნიერი ცხოვრება!

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close