გორელი ემიგრანტი, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, გარდაიცვალა
კომპანია MEDICENTER-ის თანამშრომელი ანო ემხვარი ფეისბუქში წერს გორელ ემიგრანტზე გერმანიაში, ინგა ბერიანიძეზე, რომელიც, თავად მძიმე ავადმყოფი, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ბევრ გაჭირვებულს გაუწოდა ხელი. სამწუხაროდ, ინგა ბერიანიძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
„ვიცი, რაც უნდა დავწერო, ვეღარაფერს შევცვლი, მაგრამ მე მაინც მინდა გიამბოთ ამ ქალბატონის შესახებ.
ინგა ბერიანიძე, ქალბატონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი.
ერთ-ერთი ჩემი ბენეფიციარისთვის თანხის გადმორიცხვა უნდოდა გერმანიიდან, თან ბოდიშებს მიხდიდა, მცირედია და მაპატიეო.
მას შემდეგ იშვიათად ყოფილა ბენეფიციარი, რომ მას თავისი „მცირედი“ სიკეთე არ გაეკეთებინოს.
ინგა, ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ადამიანი, რომელიც თავის მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში უსახსროდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა.
ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს ედგა გვერდით, ამხნევებდა, საკუთარ სახლში იფარებდა და აპურებდა.
ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისი და სხვისი სიცოცხლისთვის.
ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ მისმა სიკეთემ გადაარჩინა ელენე, თორნიკე, გიორგი, ნარი.
მინდა, ყველა იცნობდეთ ამ მადლიან გორელ ქალბატონს, რომლის სიკეთეც და ზრუნვაც მე არასდროს დამავიწყდება.
ვიზიარებ მისი ოჯახის უდიდეს ტკივილს!” – წერს ანო ემხვარი.
ღმერთმა გაანათლოს ამ კეთილშობილი ქალბატონის სული.
კომენტარები