მატეო სალვინი: „რუსეთისგან არასდროს მიმიღია არცერთი რუბლი და არცერთი ლიტრი არაყი“

Il ministro degli Interni Matteo Salvini intervistato da Nicola Porro su "Quarta Repubblica", Roma, 08, luglio 2019. ANSA/ RAFFAELE VERDERESE
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მმართველ კოალიციაში შემავალი მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსეთისგან დაფინანსების მიღების მცდელობას უარყოფს.

როგორც სალვინიმ განაცხადა, მას რუსეთისგან არცერთი რუბლი და არცერთი ლიტრი არაყი არ მიუღია.

„არასდროს მიმიღია რუსეთისგან არცერთი რუბლი, დოლარი, ევრო ან ლიტრი არაყი“, – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სალვინი ირწმუნება, რომ მის პარტიას არასდროს მიუღია არალეგალური დაფინანსება.

„ლიგის“ ლიდერი ამ განცხადებით გამოეხმაურა ამერიკული ვებპორტალის, „ბაზფიდის“ (Buzzfeed) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის მაისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ იტალიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ (შემოკლებით – „ლიგა“) რუსეთისგან ფარულად დაფინანსების მოპოვებას ცდილობდა.

ვებპორტალმა გამოაქვეყნა აუდოჩანაწერის ტექსტი, რომელიც, „ბაზფიდის“ მტკიცებით, 2018 წელს მოსკოვის სასტუმრო „მეტროპოლში“ გამართული შეხვედრისას გაკეთდა. მაშინ სალვინი რუსეთში იტალია-რუსეთის ბიზნესწრეების შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. ამერიკული ვებგვერდის მტკიცებით, „მეტროპოლში“ შეხვედრას თავად სალვინი არ ესწრებოდა, თუმცა იქ იმყოფებოდა მისი თანაშემწე ჯანლუკა სავოინი.

ბაზფიდი“ წერს, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა რუსული კომპანიის მიერ იტალიური კომპანია „ენისთვის“ 3 მილიონი ტონა ნავთობის მიყიდვა შუამავლების საშუალებით. 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების ფარგლებში პარტია „ლიგას“ 65 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

გამოქვეყნებული სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია, ვინ მონაწილეობდა შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ან შესრულდა თუ არა მოსკოვის სასტუმრო „მეტროპოლში“ განხილული გარიგება.

წყარო: 1tv.ge

მსგავს თემაზე: რომის პაპმა ვლადიმირ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა – იტალიაში პუტინის ვიზიტის დეტალები

კომენტარები