მსოფლიოპოლიტიკაიტალიაპოლიტიკა

რომის პაპმა ვლადიმირ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა – იტალიაში პუტინის ვიზიტის დეტალები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იტალიასა და ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას რომის პაპსაც შეხვდა. პაპმა რუსეთის პუტინს ვატიკანში შეხვედრისას „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა და კათოლიკური სამყაროს წინამძღვარმა უკრაინის და ვენესუელის საკითხები განიხილეს. ეს პაპ ფრანცისკესა და ვლადიმირ პუტინს შორის უკვე მესამე შეხვედრა იყო.

როგორც ცნობილია, უნიკალური მედალი პაპ ფრანცისკეს პონტიფიკაციის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით არის გამოცემული და პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავს ეძღვნება.

იტალიას და ვატიკანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს, 4 ივლისს ეწვია. ეს იყო რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროკავშირიში 2019 წელს. თავისი ვიზიტის წინ რუსეთის პრეზიდენტმა „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იტალიას და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და რომ აფასებს „პარტნიორობის და ნდობის კაპიტალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაგროვდა“; მისივე თქმით, არ უნდოდათ იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის ზომების დაწესება, თუმცა „ევროკავშირის უკანონო სანქციების საპასუხოდ კონტრზომების შემოღება არჩევითობის საფუძველზე არ შეეძლოთ“.

იტალიაში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ სერჯო მატარელას და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შეხვდა.

„რუსეთი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია იტალიის ბაზარზე. გასულ წელს იტალიელ მომხმარებელს თითქმის 23 მლრდ კუბ.მ გაზი მიეწოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნილების 35%-ია“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, – „…იტალია ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წელს საქონელბრუნვა თითქმის 13%-ით გაიზარდა, 27მლრდ დოლარამდე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის 54 მლრდ იყო. ასე რომ, ვიცით, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ… რუსულ ბაზარზე 500-მდე იტალიური ფირმა და საბანკო ორგანიზაციაა წარმოდგენილი“.

რომში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯუზეპე კონტემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მანქანამდე მიაცილა და მეგობრულად დაემშვიდობა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close