სასამართლომ კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე გასული წლის 3 ოქტომბერს დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ ცნო და კომპანიის დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს – 8 წლით, ხოლო გენერალურ დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს – 6 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ მას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, რის შედეგადაც მოიზიდეს ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, რომ გამოძიების პროცესში 5000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი ადამიანი – მენაშენეები და ის პირები, რომლებსაც საქმესთან შეხება ჰქონდათ.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: კალაძე აცხადებს, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები უბინაოდ არ დარჩებიან
კომენტარები