ახალი 10-ლარიანი მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

ახალი 10-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„დღეს წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი, გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, აგრეთვე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ მისივე ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნახატი „იმერეთი – დედაჩემი“ ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული ფერებით, ზედა მარჯვენა მხარეს კი – საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული ბანკნოტი დაცულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ისე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები