შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ნივთების მოხმარება?
სამწუხაროდ, ადამიანები მოკვდავნი ვართ და დღეს თუ ხვალ ყველანი დავტოვებთ ამ ცოდვილ დედამიწას. ნებისმიერ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ მოხმარებისთვის გამოსადეგი უამრავი პირადი ნივთი, ტანსაცმელი და აქსესუარი რჩება, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირად მათ გამოყენებას ერიდებიან: ერთნი რელიგიური წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ, მეორენი გადამდებ მძიმე ენერგეტიკას იშველიებენ საბაბად, ზოგიერთებს კი, უბრალოდ, გული არ მისდით, რომ გარდაცვლილი ადამიანის ნივთები გამოიყენონ. შევეცდებით, ამ საკითხს სხვადასხვა რაკურსით შევხედოთ.
მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულება
მართლმადიდებელი ღვთისმსახურები გარდაცვლილის ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარების ნებას იძლევიან და იწონებენ კიდეც ასეთ ფაქტებს. ადრე არსებობდა ჩვეულება – ამქვეყნიდან წასული ადამიანების ქონება უპოვრებისთვის გაენაწილებინათ. ეს, როგორც წესი, ეკლესიების სიახლოვეს ხდებოდა, ადამიანის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ. ლოგიკა მარტივია – გაჭირვებულებს ნებისმიერი ნივთი სჭირდებათ, ისინი მათ ყოფილ პატრონს ლოცვით და კეთილი სიტყვით მოიხსენიებენ.
ამიტომაც ამის საპირისპირო ჩვეულებას – ტანისამოსის დაწვას – ეკლესია კატეგორიულად კრძალავს. ეს არა მარტო უსარგებლოა, არამედ გარდაცვლილის ხსოვნასაც შეურაცხყოფს, ცუდის მომასწავებლად ითვლება. არც ის იქნება კარგი, თუ ოჯახის წევრები ამ ნივთებს 40 დღის გასვლამდე გასცემენ, სანამ ამქვეყნიდან წასული ადამიანის სული ჯერ კიდევ დედამიწაზეა.
რას ამბობენ ეზოთერიკოსები?
ეზოთერიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი გარდაცვალებამდე იყენებდა, მისი ენერგიითა დამუხტული, გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. ადამიანის გარდაცვალებით ნივთის ენერგეტიკა უცბად არ ქრება, ამიტომაც ეს საკითხი მათთვის საკმაოდ სადავოა, თუმცა უმრავლესობა იმ აზრს ემხრობა, რომ ყოველი ნივთის ენერგეტიკული ფონი უნდა შემოწმდეს. ერთ რამეზე კი ყველა თანხმდება – კატეგორიულადაა აკრძალული იმ ტანსაცმლის დატოვება და მოხმარება, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლო წუთებში ეცვა.
ისინი გარდაცვლილის ახლობლებს ურჩევენ, თუ ნივთის (ნივთების) ენერგეტიკული ფონის დადგენას ვერ შეძლებენ, საკუთარ გრძნობებს ენდონ და გადაწყვეტილება ამ საკითხის შესახებ ისე მიიღონ. თუ იცნობდით გარდაცვლილს და იგი კარგი, ნათელი და კეთილი პიროვნება იყო, მაშინ ანალოგიური, დადებითი ენერგეტიკა ექნება მის დანატოვარ ნივთებსაც.
როგორ მოვეპყროთ გარდაცვლილის ნივთებს?
მართლმადიდებელი სასულიერო პირები რეკომენდაციას იძლევიან, გარდაცვლილის ტანსაცმელს გამოყენებამდე ნაკურთხი წყალი მივასხუროთ.
მნიშვნელოვანია: არ შეიძლება მიცვალებულის ნათლობის ჯვარი უცხო ადამიანების ხელში მოხვდეს, არც ის შეიძლება, რომ მისი ოჯახის წევრებმა ან ახლობლებმა ატარონ! ოპტიმალური ვარიანტია – შევინახოთ ჯვარი სამახსოვროდ, ან მიცვალებულს თან ჩავაყოლოთ.
თუ გარდაცვლილის ნივთს რაიმე მატერიალური ღირებულება აქვს (მაგ., სამკაული, ტექნიკა), ან ჩვენთვის ძვირფასია, როგორც მოსაგონარი, აუცილებლად უნდა დავიტოვოთ. მთავარია, გულსა და გრძნობებს მივენდოთ. თუ არ შიშობთ, რომ ნივთი (ნივთები) რაიმე უბედურებას, ავადმყოფობას ან ნეგატიურ ემოციებს მოგიტანთ და გულით გინდათ მისი დატოვება, თამამად გამოიყენეთ და კეთილი სიტყვით მოიხსენიეთ ხოლმე მისი (მათი) ყოფილი მფლობელი, რომელიც უკვე თქვენ გვერდით აღარაა.
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
ასევე დაგაინტერესებთ: გენიოსობა რეინკარნაციას უკავშირდება?
ქვები, რომლებიც შურისა და უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავენ
ბედნიერების „რუკა“: რას ამბობენ ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზები?
კომენტარები