გენიოსობა რეინკარნაციას უკავშირდება?!

კაცობრიობა დღემდე უშედეგოდ ცდილობს გენიალურობის ფენომენის ახსნას. ვინ არიან და საიდან მოდიან გენიოსები? როდის, რატომ ან რისთვის იბადებიან ისინი? არსებობს თუ არა რაიმე კანონზომიერება ამქვეყნად მათ მოვლინებაში? მეცნიერები ამ და სხვა მსგავს შეკითხებს ჯერჯერობით სრულად ვერ პასუხობენ, თუმცა უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთა შორის გამაოგნებელი ვარაუდებიც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ვერსიით, გენიოსობა რეინკარნაციის ანუ ხელმეორედ დაბადების ფენომენს უკავშირდება. ამ თეორიის მომხრეთა მტკიცებით, ადამიანი ყოველი ახალი დაბადების მომენტში „ციდან“ განახლებული მორალურ-ეთიკური გამოცდილებით „ეშვება“, რომელიც წინა ცხოვრებაში შეიძინა. სიკვდილის (მათი აზრით, სიცოცხლეებს შორის არსებული „შესვენებებით“) დროს კი იგი უფრო იხვეწება, სუფთავდება და მორიგი დაბადებისთვის „გამოსადეგი“ ხდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მკვლევრებმა კვლევის განსკუთრებული მეთოდიკა შეიმუშავეს, რომლის გამოყენებითაც ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ იყო ესა თუ ის პიროვნება წინა ცხოვრებაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სპეციფიკური პარამეტრების ანალიზმა მათ იმ ვარაუდის საფუძველი მისცა, რომ რეიგანი წინა ცხოვრებაში ამერიკის რევოლუციის პერიოდის ცნობილი პატრიოტი პატრიკ ჰენრი იყო!

ალექსანდრ პუშკინი

არსებობს საინტერესო ვერსია იმის შესახებაც, რომ პუშკინი (1799-1837 წწ.) წინა ცხოვრებაში მოცარტი (1756-1791 წწ.) იყო, ხოლო ადოლფ ჰიტლერი (შიკლგრუბერი,1889-1945 წწ.) კი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა – ერნან კორტესი (1485-1547). ამ უკანასკნელმა XVI საუკუნეში ინკების იმპერია დაიპყრო და მექსიკაში გაბატონდა.

კიდევ უფრო საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობენ ის მკვლევრები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ გენიალურობა სხეულის რაიმე დეფექტის ან დაავადების მიზეზით პროვოცირდება. ყურადღებას განსაკუთრებით ჩვეულებრივ ძვლოვან წარმონაქმნ პოდაგრაზე ამახვილებენ, როგორც გონების უდიდეს სტიმულატორზე. აღმოჩნდა, რომ გენიოსთა გარკვეული ნაწილი, რომელთა შორისაც არიან: ნიუტონი, სტენდალი, დარვინი, გალილეი, კოლუმბი, ლაიბნიცი, ბოილი, ბისმარკი, თომას მორი, ალექსანდრე მაკედონელი, მიქელანჯელო, რენუარი, მოპასანი… – სწორედ პოდაგრით იტანჯებოდნენ. აქვე ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ახასიათებდა პოდაგრას, როგორც უდიდესი მხედართმთავრებისა და პოლიტიკოსების სპეციფიკურ დაავადებას.

სერ ისააკ ნიუტონი

ამ იდუმალებით მოცულ კანონზომიერებას მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ინგლისელმა მეცნიერმა  ეგონ ოროვანმა მოჰფინა ნათელი ჟურნალ Nature-ში 1955 წელს გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „ადამიანის წარმოშობა“: გაირკვა, რომ შარდმჟავა, რომლის სიჭარბეც პოდაგრის გამომწვევი მიზეზი ხდება, თავისი ბუნებით საყოველთაოდ ცნობილ მატონიზირებელ ნივთიერებებს – კოფეინსა და ტეობრომინს უახლოვდება, რომლებიც გონებრივ მუშაობას აქტიურ სტიმულირებას უწევენ. სხვათა შორის, პოდაგრას უჩიოდნენ რემბრანდტიცა და ბეთჰოვენიც.

გენილურობის შესახებ წამოყენებულ ვერსიათა შორის განსაკუთრებით საინტერესოა სიმაღლესთან დაკავშირებული მოსაზრება. მეტისმეტი სიმაღლე ავადმყოფობად მიიჩნევა. ძალიან მაღალ ადამიანებს უზარმაზარი სიდიდის ხელ-ფეხი აქვთ, არანორმალურად გრძელი, საცეცების მაგვარი თითებით. მათთვის ტიპურია ვიწრო, წაგრძელებული სახე. ამ უცნაური ანომალიის მიზეზი დღემდე დადგენილი არ არის, თუმცა სამყარო ასეთი ადამიანების ნაკლებობას არ განიცდის. მათ შორის იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, შარლ დე გოლი, ვილჰელმ კიუხელბეკერი და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს დიდი სიმაღლისა და განსაკუთრებული ნიჭიერების გარდა, განუსაზღვრელი ენერგია, არაჩვეულებრივი იუმორი და შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდათ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სასიცოცხლო ძალების ასეთი მარაგი სისხლში კატეხოლამინების განსაკუთრებული რაოდენობით აიხსნება, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტონუსის ამაღლებას.

მკვლევართა ერთი ჯგუფი აზრით, გენიალურობას მძიმე, ძნელი ბავშვობა ავითარებს. ამერიკელი პროფესორისა და მკვლევრის, კენტუკის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ხელმძღვანელის და საუნივერსიტეტო კლინიკის ფსიქიატრიის განყოფილების გამგის, არნოლდ ლუდვიგის აზრით, თუ ცივილიზაციის განვითარების ისტორიას გავაანალიზებთ, გენიოსებს, ბუნებისაგან მომადლებული ნიჭის გარდა, ბავშვობაში ფსიქოლოგიურად დაძაბული გარემო აქვთ. მეცნიერთა მონაცემებით, განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანების უმრავლესობა ბავშვობისას რაღაც უმძიმესი დაავადებით იყო შეპყრობილი. მაგალითად, ჯონ სტაინბეკი ქრონიკული პნევმონიით იტანჯებოდა; ჩეხოვს ორჯერ განუვითარდა პერიტონიტი; ბრეხტს გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა; რუზველტს – პოლიომიელიტი, ხოლო კაიუსსა და ჩივერს კი – ტუბერკულოზი.

ფრანკლინ დელანო რუზველტი

გენიოსები, გარდა ფიზიკური დაავადებებისა, ამა თუ იმ სახის სულიერი დაავადებებითაც იტანჯებიან. თავისი პაციენტებისა და გენიალური ადამიანების ბიოგრაფიების ანალიზისას იტალიელი ფსიქიატრი, პროფესორი ჩეზარე ლომბოზო ერთ საინტერესო დასკვნამდე მივიდა: მისი აზრით, გენიოსებსა და გიჟებს ერთმანეთისგან სუსტი, ძლივს შესამჩნევი ზღვარი ჰყოფთ.

ზოგადი ინფორმაციით, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა დროს დედამიწაზე 40 ათასზე მეტი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი დაიბადა. ნიჭთან ერთად კი ზოგიერთი მათგანი შეშლილობისა და სიგიჟის ზღვართანაც იდგა. ერთი თუ სიცოცხლის ბოლოს თავს ქერის მარცვლად მიიჩნევდა და ქუჩაში ვერ გადიოდა იმის შიშით, რომ ფრინველებს არ აეკენკათ, მეორეს მიაჩნდა, რომ მისი აზრები პირიდან ფუტკრებისა და ჩიტების სახით მოფრინავდნენ და ფანჩატურში ცოცხით ხელში იმალებოდა, რათა გაეფანტა ისინი. ლომბროზო სწავლობდა ფსიქიკური დაავადების სიმპტომებს და ეგრეთ წოდებულ მუზას, პოეტურ აღტკინებასა და შემოქმედებით ექსტაზს ჰალუცინაციებს ადარებდა.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

მაგალითად, მარტინ ლუთერი მთელი არსებით ამტკიცებდა, რომ ის არგუმენტები, რომლებიც მან თავის ნაშრომებში გამოიყენა, თვით სატანისგან მოისმინა.

შუმანმა 46 წლის ასაკში, პრაქტიკულად, დაკარგა გონების ნორმალური ბალანსი და სკამებსა და მაგიდებს მოლაპარაკე მტრებად მიიჩნევდა. როგორც ამბობენ, ზუსტად ასეთივე იყო ლენინიც სიცოცხლის ბოლო თვეებში.

მენდელსონს თურმე მელოდიებს საფლავიდან კარნახობდნენ.

მოცარტს ეჩვენებოდა, რომ დიდი ნიჭის გამო მოწამვლას უპირებდნენ.

რუსო აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანები კი არა, ბუნების სტიქიაც შემართული იყო.

ამპერმა ტრაქტატი „ქიმიის მომავლის შესახებ“ იმ მოტივით დაწვა, თითქოს ის სატანის დაწერილი იყო.

მატერიალისტ გობს მოჩვენებების შიშით ბნელ ოთახში დაწოლის ეშინოდა.

ბოტიჩელიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავისი შედევრების თითქმის 80 პროცენტი გაანადგურა.

სანდრო ბოტიჩელი, ავტოპორტრეტი

სხვათა შორის, 1869 წელს იტალიაში შეშლილთა სტატისტიკური კვლევა ჩაატარეს ასაკის, ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით, რის შედეგადაც დაახლოებით ასეთი სურათი მიიღეს:

1775 კათოლიკეზე მოდის ერთი შეშლილი, 1775 პროტესტანტზე – ერთი და ერთიც – 384 ებრაელზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს 150 წლის წინათ ხდებოდა და არავინ იცის, ანალოგიური სტატისტიკა დღეს როგორ გამოიყურება. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სიტყვა „გენიოსის“ განმარტებაც რამდენადმე პირობითია.

აქვე უნდა აღინიშნოს ლომბროზოს კვლევის კიდევ ერთი შედეგის შესახებ: გაკვეთის დროს ფსიქიკურ ავადმყოფებსაც და გენიოსებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული გადაგვარება აღმოაჩნდათ. მაგალითად, პასკალს ტვინი საჭიროზე მეტად ჰქონდა გამკვრივებული, ხოლო მარცხენა ნახევარსფერო დაჩირქებას იწყებდა. რუსოს თავის ქალის ახდისას საკმაოდ უცნაური წყლული აღმოაჩნდა; შუმანი ტვინის ატროფიით გარდაიცვალა…

მეცნიერი პარალელს ავლებს გენიალურობასა და შეურაცხად მდგომარეობას შორის და ამტკიცებს, რომ ჩვენი ცნობიერება „აისბერგის წვერია“, ხოლო შემოქმედებითი იმპულსები – გაუცნობიერებელი სურვილები, ინტუიციური აღმოჩენები კი ქვეცნობიერებას, ესე იგი არაცნობიერ „მეს“ განეკუთვნება.

ალბერტ აინშტაინი

დაბოლოს: სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ 4000 ჩვეულებრივ ადამიანზე ერთი დიდი პიროვნება მოდის, ყოველ მილიონზე კი – ერთი გენიოსი. მემკვიდრეობა ანუ გენები გენიოსის დაბადებისას არაფერ შუაშია, თუმცა ირკვევა ერთი საინტერესო ფაქტიც: დიდი იურისტების, მხედართმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეების დაბადებისას 70 პროცენტი მამის გავლენაა, 30 პროცენტი – დედის, ხოლო პოეტებში, მუსიკოსებსა და მსახიობებში (ანუ ხელოვან ადამიანებში) დედის გენები დომინირებს.

თამთა გურული

კომენტარები
Загрузка...