შეუცნობელი

ბედნიერების „რუკა“: რას ამბობენ ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზები?

ქირომანტია  წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სისტემაა, რომელიც ადამიანის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობას, მის ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა და მომავალს ხელის, ხელის თითების ფორმების და ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს. ის არ არის აღიარებული მეცნიერებად არცერთი სერიოზული სამეცნიერო საზოგადოების მიერ, თუმცა ქირომანტიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხელისგულზე არსებული გარკვეული ხაზების შესწავლით შესაძლებელია ბევრი რამის  დადგენა, მათ შორის, იმის, თუ რამდენად ბედნიერი და იღბლიანია ადამიანი.

ქვემოთ მოცემულ ნახატზე სწორედ ეს ხაზებია გამოსახული. შეგიძლიათ ისინი საკუთარ ხელისგულს შეადაროთ. ეს სქემა შეადგინა ცნობილმა ფრანგმა ქირომანტმა, თანამედროვე ქირომანტიის მამად წოდებულმა ადოლფ დებაროლმა (Adolphe Desbarrolles, 1801-1881 წწ.) და მას ამ სფეროს ბევრი გამოცდილი სპეციალისტი ეთანხმება.

ნუ დაღონდებით, თუკი საკუთარ ხელისგულზე ნახაზზე მოცემულ თერთმეტივე ხაზს ვერ აღმოაჩენთ, რადგან თუნდაც 1-2 ხაზის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება ითქვას, რომ გაგიმართლათ – ეს ხაზები ცხოვრების გარკვეულ სფეროში დიდ იღბალს გპირდებათ. თუ ქვემოთ აღწერილ ხაზებს საკუთარ მარცხენა ხელისგულზე ვერ აღმოაჩენთ, გაიღიმეთ და განაგრძეთ ცხოვრება, თუმცა იფიქრეთ იმაზეც, რა შეგიძლიათ შეცვალოთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე; კარგი იქნება, თუ უფრო გაბედული იქნებით და კონკრეტულ ქმედებებზე გადახვალთ.

მოდით, თანმიმდევრულად განვიხილოთ ეს ხაზები:

1. სიცოცხლის ორმაგი ხაზი მიუთითებს კეთილდღეობასა და მატერიალურ დოვლათზე მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა ზეციურ ძალთა მიერ თქვენთვის გათვალისწინებული დოვლათის მისაღებად საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად და შემოქმედებითად გამოიყენოთ თქვენი გონებრივი და ფიზიკური მონაცემები – წყალმა რომ იდინოს, კალაპოტი სჭირდება.

2. ბედის სწორი ხაზი მიუთითებს აბსოლუტურ ბედნიერებაზე, თუმცა მოგიწევთ, ეს ბედნიერება შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ გაფლანგოთ. გახსოვდეთ, რომ რაც კარგი გეძლევათ ცხოვრებაში, იმ ყველაფრის სანაცვლოდ თქვენი გულიდან სიკეთე, სითბო და სიყვარული უნდა გაიღოთ. ეცადეთ, რომ დღესაც და მომავალშიც თქვენ გარშემო მხოლოდ მეგობრები იყვნენ და ყვავილებით მოჩითული მინდვრებითა და ბაღებით იყოთ გარშემორტყმული და არა – მტრებით და „ნაომარი“ ტერიტორიებით.

3. გულის ხაზის თავსა და ბოლოში არსებული განტოტებები მიუთითებს იმაზე, რომ სიყვარულისა და სიკეთის გაცემაში ზღვარი არ იცით. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გარშემომყოფ ადამიანებთან ლაღი, სასიამოვნო ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ზოგიერთს თქვენს ამ თვისებას საკუთარი ანგარებიანი მიზნების მისაღწევად ნუ გამოაყენებინებთ, რადგან ეს კარგს არაფერს გიქადით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში ყველაზე კარგი ზომიერებაა!

4. საჩვენებელი თითის ბოლოში არსებული ჯვარი იმას მოწმობს, რომ აუცილებლად გეყოლებათ მეგობარი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ მრავალი მეგობარი მუდამ შეინარჩუნებს თქვენ მიმართ ერთგულებას – არა, მხოლოდ ერთი მათგანი გახდება თქვენი ჭეშმარიტი მეგობარი. როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი რამდენიმე ათეულ, შესაძლოა ასეულ ადამიანს შორის? ცხოვრება ამას თვითონ გიჩვენებთ. შეიძლება ასეთ მეგობარს საბავშვო ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში ან სამსახურში შეხვდეთ. ასეა თუ ისე, არ ინერვიულოთ: ის თვითონ მოგძებნით და ეს მეგობარი შეიძლება თქვენი მეორე ნახევარიც იყოს.

5. საჩვენებელ და ნეკა თითებს შორის არსებული ვენერას რკალი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი ამოუწურავია და ის დაბადებიდან ბუნებისგან გაქვთ ბოძებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ენერგია თქვენი საქმიანობის ბევრი მიმართულებით არაერთი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მოგცემთ, ხოლო ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა გარშემო ბევრი ადამიანი ხელებს ჩამოუშვებს, თქვენ მათ ერთადერთი ნამდვილი მიზნისკენ გაუძღვებით!

6. „ჩანგალი“ გონების ხაზზე, რომელიც ხელისგულის კიდემდე მიდის, იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ნამდვილი გენიოსი ხართ. მთავარია, მეგობრები არ დაკარგოთ – ძალიან ხშირად ბევრი გენიოსი მარტოსულია, რადგან სხვებზე შორს იხედება, დანარჩენ ადამიანებს წინ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს და მას სხვაგვარად ცხოვრება, უბრალოდ, არ ძალუძს. ამაშია ერთდროულად მისი ბედნიერებაც და უიღბლობაც.

7. თუ აპოლონის (მზის) ხაზი აპოლონის ბორცვისკენ ვერტიკალურად მიემართება და სიცოცხლის ხაზს ახლოს ჩაუვლის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხელოვნების სხვადასხვა დარგში პოპულარობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ. თუნდაც ბუნებით ზარმაცი იყოთ, სახელი და დიდება მაინც ნებისმიერ სიტუაციაში მოგაგნებთ.

8. თუ ვენერას რკალი მერკურის ბორცვთანაა შეერთებული, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბუნებამ ბევრ საქმესა და სასიყვარულო ურთიერთობებში დიდი გამჭრიახობით დაგაჯილდოვათ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი ადამიანი, მთავარია, ამ გამჭრიახობამ ხელი არ შეგიშალოთ. მაგალითად, უგუნურ ადამიანს ნურასდროს ეტყვით, ვინ არის ის სინამდვილეში, წინააღდეგ შემთხვევაში, მისი სახით მოსისხლე მტერს შეიძენთ, რომელიც მუდმივად ეცდება, ნორმალური ცხოვრების გასაქანი არ მოგცეთ.

9. გენეტიკური ხაზი, რომელიც ყველა ადამიანს არ აქვს, მიუთითებს კარგ ტემპერამენტზე. ამას მეტი კომენტარის გაკეთება არც სჭირდება.

10. მაჯის შიდა მხარეს სამმაგი „სამაჯური“ დღეგრძელობას გპირდებათ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა შეამოწმოთ ამ მოცემულობის რეალურობა და საკუთარ სიცოცხლეს მუდმივად რისკი შეუქმნათ. გახსოვდეთ, რომ ბუნების საჩუქარს გაფრთხილება სჭირდება.

11. ჯვარი ვენერას ბორცვზე ერთადერთ, მგზნებარე და ღრმა სიყვარულზე მიანიშნებს. ძალიან ხშირად ასეთი სიყვარული ადამიანს 25-30 წლის ასაკის შემდეგ ეწვევა ხოლმე, ხანდახან – კიდევ უფრო გვიან.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close