კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

ტაქსის მძღოლი, რომელმაც თავისი საქციელით ქალის მკვლელობას უნებურად ხელი შეუწყო, ლიცენზიას დაკარგავს

საბერძნეთის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრი ხრისტოს სპირძისი მოუწოდებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრონ ტაქსის მძღოლს, რომელმაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალს უარი უთხრა მომსახურებაზე, რის შედეგადაც ათენში ტრაგედია დატრიალდა: ქალი ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ტაქსის მძღოლის მიმართ, რომელსაც შეეძლო ადამიანის სიცოცხლე ეხსნა და ეს არ გააკეთა, მკაცრი პოზიცია დაიკავა ატიკის ავტოტაქსების პროფკავშირმა – ΣΑΤΑ, რომელმაც თავის ოფიციალურ განცხადებაში მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა და დარგიდან გარიცხვა მოითხოვა „პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის და არაჰუმანური ქმედების გამო“.

დრამა 21 მარტს ათენში, ვულიაღმენის პროსპექტზე დატრიალდა: წინასწარი გამოძიების თანახმად, 86 წლის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და მისმა ბულგარული წარმოშობის 59 წლის ცოლმა ჩხუბი თავიანთ სახლში (ტრაგედიის ადგილიდან ოდნავ მოშორებით) დაიწყეს. ხმამაღალი ჩხუბისა და ყვირილის დროს მოხუცმა კაცმა ტაბელური იარაღი ამოიღო და ცოლს მოკვლით დაემუქრა. შეშინებული ქალი სახლიდან გამოვარდა, ტაქსი გააჩერა და ჩაჯდა. ქალი ისტერიკაში იყო და ყვიროდა: „მომკლავს! მომკლავს!“

ტაქსის მძღოლმა ქალის ამგვარ მდგომარეობაში დანახვის შემდეგ იგი აიძულა, მანქანიდან გადასულიყო. სწორედ ამ დროს დატრიალდა ტრაგედია: ქმარმა, რომელიც ცოლს მოსდევდა, მას პისტოლეტიდან ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა ტაქსისტის და გამვლელების თვალწინ.

ქალი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა „ეკონომიკური საკითხების“ გამო. 86 წლის ბერძენი მამაკაცი 59 წლის ბულგარელ ქალთან თავისი მეუღლის სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა (სწორედ ეს ბულგარელი ქალი უვლიდა სიცოცხლის ბოლომდე მის ცოლს). როგორც ამბობენ, ქალის მოთხოვნით, კაცმა იგი თავისი სახლის თანამესაკუთრედაც გაიხადა.

ტრაგედიის დეტალებს საბერძნეთის მედიასაშუალებები აქტიურად განიხილავენ, განსაკუთრებით გმობენ ტაქსისტის არაჰუმანურ, არაეთიკურ საქციელს, რომელსაც შეეძლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ ვერ აღმოჩნდა მორალურად სათანადო სიმაღლეზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close