ბინის დაქირავებისთვის დახმარებას ბენეფიციართა პირველ ჯგუფს აღდგომამდე ჩაურიცხავენ

ცნობილი გახდა, რომ 22 ან 23 აპრილს გადაუხდიან დახმარებას ბინის დაქირავებისთვის იმ ბენეფიციარებს, რომელთა განაცხადები მარტში დამტკიცდება.

საბერძნეთის შრომის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 259 322-მა ადამიანმა შეიტანა განაცხადი ბინის ქირისთვის დახმარების მისაღებად, აქედან 113 210 უკვე დამტკიცებულია.

დახმარების მთლიანი თანხა 13,9 მლნ ევროა, რომელიც 301 933 ადამიანს მოიცავს (ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები).

კიდევ 97 210 განაცხადი (37,49%) დამტკიცებას ელოდება, 29 487-ს (11,37%) უარი ეთქვა, თუმცა ხელმეორედ შეტანის უფლებით, 17 952 განაცხადი (6,92%) კი საბოლოოდ უარყოფილია.

საბერძნეთის შრომის სამინისტროს პროექტის თანახმად, ვინც დახმარებაზე განაცხადს შეიტანს და მარტში უკვე მიიღებს დადებით პასუხს, მათ თანხა აღდგომის წინ, ვნების კვირაში – 22 ან 23 აპრილს ჩაერიცხებათ. ისინი მთელ თანხას (მიმდინარე წლის იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთიანად მიიღებენ.

ხოლო იმ განაცხადების ავტორები, რომლებიც აპრილში დამტკიცდება, 20-25 მაისს მიიღებენ ასევე მთლიან თანხას (იანვარი-აპრილი).

ხოლო ვინც განაცხადის შეტანა დააგვიანა, ან ვისი განაცხადიც გვიან დამტკიცდება, დახმარების მიღების უფლება დამტკიცებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ექნებათ – მათ წინა თვეების თანხა არ აუნაზღაურდებათ.

ბენეფიციარები ბინის ქირისთვის დახმარებას ყოველთვიურად მიიღებენ – თანხა მათ თავიანთ  საბანკო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.

საბერძნეთის შრომის სამინისტროს პროექტის თანხმად, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის (7000 ევრო წელიწადში მარტოხელა ადამიანისთვის და მაქსიმუმ 21 000 – ოჯახისთვის) განაცხადების შესატანად ონლაინ პლატფორმა 12 მარტს გაიხსნა (https://www.epidomastegasis.gr/); დახმარების თანხა 70 ევროდან იწყება (მარტოხელა ადამიანისთვის) და ოჯახის ყოველ დამატებით წევრზე 35 ევრო ემატება (თუმცა მაქსიმალური ზღვარი  210 ევროა). ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც საბერძნეთის მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, რომლებიც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობენ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები