იტალიაში ავტობუსის დაწვის ინციდენტის შემდეგ მძღოლების კონტროლი გამკაცრდება

იტალიაში სასკოლო ავტობუსის დაწვის ინციდენტის შემდეგ გამკაცრდება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა კონტროლი, რომლებიც ანალოგიურ დავალებებს ასრულებენ. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს დაევალათ, უფრო ყურადღებით შეამოწმონ, არის თუ არა ძალაში თითოეული მძღოლის მართვის მოწმობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენეგალური წარმოშობის მძღოლს, რომელმაც სასკოლო ავტობუსი დაწვა, არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო შეჩერებული ჰქონდა მართვის მოწმობის მოქმედება, თუმცა ეს მისმა დამსაქმებელმა არ იცოდა.

იგეგმება კონტროლის სხვა ზომების მიღებაც – კერძოდ, მძღოლებისთვის საგულდაგულო სამედიცინი-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, 20 მარტს სასკოლო ავტობუსის მძღოლმა, 47 წლის სენეგალელმა მამაკაცმა, რომელიც 2004 წლიდან არის იტალიის მოქალაქე, 51 ბავშვი გაიტაცა სასკოლო ავტობუსით. მან ბავშვები ავტობუსიდან გადმოსხა და სატრანსპორტო საშუალება დაწვა. ბავშვების მონაყოლის თანახმად, მძღოლი ყვიროდა: „მიგრანტების გამო! მიგრანტების გამო!“

დაკავებულ მამაკაცს ტერორიზმის ბრალდებას წაუყენებენ და, მატეო სალვინის თქმით, თუ ეს ბრალი დაუმტკიცდა, იტალიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ გასული წლის ნოემბრის ბოლოს მიღებული „უსაფრთხოების დეკრეტის“ შესაბამისი ნორმის საფუძველზე.

კომენტარები