კინო/ფილმებიარტისტი

როგორ აუხდა დოდო აბაშიძეს სანდრო ახმეტელის წინასწარმეტყველება

„ეჰ, სადღა არიან მისნაირები“, – გაიფიქრებს გულში ჩვენი მკითხველი, რომელსაც დოდო აბაშიძის როლები უნახავს და სათანადოდაც შეუფასებია მისი ნიჭის ბრწყინვალება.

გენიალური მსახიობი, ნამდვილი ქართველი, შუასაუკუნეების რაინდის მსგავსი, არაჩვეულებრივი პიროვნება, უდიდესი პატრიოტი, ერთგული მეგობარი, დიდებული თამადა, მოსიყვარულე მამა და პაპა… – ყველაზე საუკეთესო სიტყვები, ერთად აღებული, არ ჰყოფნით დოდო აბაშიძის მეგობრებსა და ახლობლებს მის დასახასიათებლად.

ჩვეულებრივი მაყურებელი კი საყვარელი მსახიობის სიდიადეს რაც დრო გადის, უფრო ნათლად აღიქვამს და ენატრება, მისი თაობის სხვა გენიალურ მსახიობებთან ერთად.

* * *

დოდო აბაშიძე ბავშვობიდანვე თეატრის ჰაერით სუნთქავდა. მამა – ვანიკო აბაშიძე სანდრო ახმეტელის „დურუჯის“ წევრი იყო და 1937 წელს ახმეტელთან ერთად დახვრიტეს. დედამ, ასევე მსახიობმა ნინო ანდრონიკაშვილმა (ნატო ვაჩნაძის ალალი ბიძაშვილი), ერთადერთი ვაჟი მამის ხატად – სიცოცხლისა და ხელოვნების უდიდესი სიყვარულით აღზარდა. დოდო აბაშიძის დიდ ბებია ეფრო კლდიაშვილი პირველი ქართველი პროფესიონალი მსახიობი ქალი იყო, თუმცა მისი მოღვაწეობა მხოლოდ წარმოდგენებში მონაწილეობით არ შემოიფარგლებოდა. როგორც აკაკი წერეთელი წერდა, ეფრო კლდიაშვილი ქუთაისური ლიტერატურული საღამოების სულისჩამდგმელი ყოფილა და, ამავე დროს, დიდ პროპაგანდასაც უწევდა პირველ ქართველ დრამატურგთა ნაწარმოებებს, ხელს უმართავდა გაჭირვებულ მსახიობებს და სხვ.

საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ კარგი სახელი ყველა ქონებაზე უმჯობესია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ დოდო აბაშიძე ნამდვილად მდიდარი მემკვიდრეა.

კადრი ფილმიდან „პირველი მერცხალი“

„დოდოები“

დოდო აბაშიძეს ნამდვილი სახელი დავითი ერქვა. დოდო ბავშვობისას შეარქვეს, რადგან ბგერებს კარგად ვერ გამოთქვამდა და თურმე „გოგოების“ ნაცვლად „დოდოებს“ ამბობდა…

მეექვსე კლასამდე მეგობრობითაც უფრო გოგონებთან მეგობრობდა, რადგან თანატოლ ბიჭებთან საერთო ენას ვერ პოულობდა. გოგონების მსგავსად, ქარგვაც კი უსწავლია. თურმე ყველაზე მეტად ყვავილების ქარგვა უყვარდა…

თორმეტი წლის ასაკამდე ფიზიკურადაც სუსტი და უჭმელი ბავშვი ყოფილა და ოჯახში ყველა მის კვებასა და გასუქებაზე ზრუნავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჭიდაობაზე სიარული დაუწყია, ისეთი ათლეტური აღნაგობის ყმაწვილი დამდგარა, რომ ბავშვები თურმე ვერის უბანში საჭმელს მისი ხათრით ჭამდნენ, დოდოსნაირი ლამაზი და ვაჟკაცური უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ…

სანდრო ახმეტელის წინასწარმეტყველება

პატარა დოდო მშობლებს ხშირად დაჰყავდათ თეატრში. ხავერდის ქურთუკში გამოპრანჭული, თურმე უცოდველი ანგელოზივით იჯდა ხოლმე ლოჟაში და სცენას თვალს არ აცილებდა. ერთხელაც თეატრში ახმეტელის „ლამარა“ გადიოდა: სცენაზე ვნებები იწყებდა აბობოქრებას, სადაცაა ხევსურებს ხმალზე უნდა გაეკრათ ხელი, რომ დაძაბულ სიჩუმეში უეცრად ბიჭუნას წკრიალა ხმა გაისმა – სახეანთებული, თმებაბურძგნული დოდო ფეხზე წამოხტა და დარბაზში დაგვიანებული რეპლიკა ისროლა. სცენაზე მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. მამა – ბატონი ვანიკო აბაშიძე დაიბნა და დედას სცენიდან ხელით ანიშნა, ბავშვი გაიყვანეო. დარცხვენილი ნინო ანდრონიკაშვილი ის იყო წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ ლოჟის შესასვლელთან სანდრო ახმეტელი გამოჩნდა: „დამშვიდდი, ნინო, ბიჭში მსახიობი ზის!“

მისი ეს სიტყვები წლების შემდეგ უტყუარი სიზუსტით ახდა, თუმცა მიუხედავად ნიჭიერებისა, მომავალი გენიალური მსახიობი თეატრალურ ინსტიტუტში „ნაცნობობით“ მოხვდა – მამამისის ყოფილი კოლეგების წყალობით: გამოცდაზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი ისე უნიჭოდ წაიკითხა, რომ კომისიის წევრები გაოგნებულები დარჩნენ და რომ არა კომისიის თავმჯდომარის, დოდოს მეზობლის, აკაკი ხორავას გულმოწყალება, რომელმაც გამონაკლისი დაუშვა, დოდო ინსტიტუტში ვერ მოხვდებოდა…

„გამაქექინეთ ნაცარი“

თეატრშიც და კინოშიც დოდო აბაშიძის პირველი პარტნიორი მედეა ჩახავა იყო. ქალბატონი მედეა იხსენებდა, ასეთ პარტნიორზე უნდა იოცნებოს მსახიობმა. „ჭრიჭინაში“ საწვიმარი ღარის ქვეშ ცქრიალასათვის (მედეა ჩახავა) სიყვარულის ახსნის ეპიზოდში თურმე მთელი სამი დუბლის განმავლობაში თავზე ყინულივით ცივ წყალს ასხამდნენ, დოდო კი იძახდა, არ მცივაო. სიცივე გადაღების შემდეგ იგრძნო და მერე თავადვე ამბობდა, ამას როგორ გავუძელიო.

კადრი ფილმიდან „ჭრიჭინა“

ამ პატარა სახასიათო როლის შემდეგ დოდოს მაშინვე შესთავაზეს აბდუშაჰილის როლი ყველასათვის საყვარელ ფილმში „ბაში-აჩუკი“. ამ როლმა მსახიობს სათავგადასავლო ფილმის „ვარსკვლავის“ სახელი მოუტანა – იგი კინოსტუდიის წამყვანი მსახიობი გახდა. კინოში დაახლოებით სამოცამდე როლი ითამაშა და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მაყურებელს ყველა ძალიან უყვარს. თვითონ კი შესრულებული როლებიდან ყველაზე მეტად ყვარყვარე მოსწონდა. ამაზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ თურმე ფილმის სცენარის ავტორს, რეზო ჭეიშვილს ხშირად სთხოვდა ხოლმე, გამაქექინე ნაცარიო. მერაბ კოკოჩაშვილისთვისაც არა ერთხელ უთქვამს, გადაიღე რაღაც „დიდი მწვანე ველის“ (ამ ფილმში იგი სოსანას როლს თამაშობს) მსგავსი ფილმი, კარგად გამოგდისო.

როგორც მსახიობის ერთადერთი ვაჟი, ზაზა აბაშიძე იხსენებს, დოდოს თურმე თავისი ფილმების უმრავლესობა ნანახი არ ჰქონდა: „გახმოვანების დროს რაღაც ნაწილს თუ ნახავდა, შემდეგ პრემიერაზე კიდევ რაღაც ნაწილს და სულ ეს იყო… თანაც ხან წავიდოდა პრემიერაზე, ხან არა, ხანდახან ისიც კი არ ახსოვდა, რომ იმ ფილმში ნათამაშევი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, სხვის დასანახად თავისი მონაწილეობით ფილმებს არასოდეს უყურებდა. თითქოს რაღაცნაირი როხროხა ადამიანი იყო, მაგრამ, ამავე დროს, საოცრად მორიდებული, თავშეკავებული, რბილი, დამყოლი და დამჯერი პიროვნება გახლდათ, თუმცა თავისი თავის ფასი კარგად იცოდა. ესმოდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ ამის აფიშირება არ უყვარდა. ბევრი რამ სწყინდა, მაგრამ გულში ჩახვევა და სამაგიეროს გადახდა არ იცოდა. მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მამას შვიდი პრიზი ჰქონდა მიღებული, თუმცა ეს ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცოდა“.

კადრი ფილმიდან „ბაში-აჩუკი“

დოდო აბაშიძემ შაჰის ცოლს აკოცა

ამ პრიზებიდან ერთ-ერთი დოდო აბაშიძეს „პირველ მერცხალში“ (რეჟისორი – ნანა მჭედლიძე) შესრულებული როლისთვის თეირანის კინოფესტივალზე გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს ირანის შაჰის ცოლი – სურიეც ესწრებოდა. დოდო აბაშიძე ერთადერთი  ადამიანი იყო  მსოფლიოში, რომელმაც გაბედა და შაჰის ცოლს აკოცა.

„ცერემონიის დროს დედოფალს უთქვამს, არ გეგონოთ, რომ ეს უბრალო და ჩვეულებრივი პრიზია, მასში თექვსმეტი გრამი ოქროაო“. დოდოს თარჯიმანისთვის უთხოვია, რასაც გეტყვით, სიტყვა-სიტყვით უთარგმნეთო. „რაც თქვენ და თქვენმა წინაპრებმა საქართველოდან ოქრო-ვერცხლი გაიტანეთ, ახლა თექვსმეტი გრამი ოქროთი გინდათ, რომ თავიდან მომიშოროთ?!“ – ხუმრობით უთქვამს და თან თურმე ხელზე ემთხვია, რაც პროტოკოლში არ შედიოდა. შაჰის მეუღლეს ახლოს არ უნდა მიჰკარებოდა, დოდო კი არამც თუ ხელზე ემთხვია, დიდხანს არ გაუშვა მის ხელს ხელი, ითვლიდა, როდემდე შეძლებდა შაჰის მეუღლის ხელის ხელში გაჩერებას. ოცდარვამდე დაითვალა და დედოფალმა არც იკადრა, რომ ხელი წაერთმია, „ერთადერთი, ოდნავ შეარხია ერთი თითი და მაშინ მე გავუშვი ხელი“, – იხსენებდა შემდეგში თავად დოდო აბაშიძე.

წყალწაღებულთა გადარჩენისთვის

დოდო აბაშიძე ერთი ასეთი პრიზითაცაა დაჯილდოებული – „წყალწაღებულთა გადარჩენისთვის“. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იგი ელბაქიძის ხიდიდან გადახტა ტაქსის მძღოლის საშველად, რომელიც მაისის წყალდიდობისგან აზვირთებულ მტკვარს მიჰქონდა. „გენიალური რეპეტიცია“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა მაშინდელმა საკავშირო გაზეთმა „იზვესტიამ“ ამ შემთხვევის შესახებ ვრცელი ინფორმაცია. კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ გაბედეთ ხიდის მოაჯირიდან ადიდებულ მდინარეში გადახტომაო, დოდომ ხუმრობით უპასუხა: „კარგი რეპეტიცია გამომივიდა, გენიალურივით. სწორედ ახლა მიღებენ „ზღვის შვილებში“, სადაც გულკეთილ მეზღვაურს ვთამაშობ და, სცენარის მიხედვით, ჩემმა გმირმა წყალწაღებული უნდა გადაარჩინოს“.

კადრი ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“

ნამდვილი პანტერა

საოცრად კაცთმოყვარე ადამიანი იყო, ვერ იტანდა,  ვინმეს თუ ჩაგრავდნენ. „დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. ომის დროს „ზემელზე“ პურს ყიდდა, რომ თავისი საძმო გამოეკვება“, – იხსენებდა შემდგომში აწ გარდაცვლილი გურამ ლორთქიფანიძე („ლორთქია“). – „არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ თუ დაინახავდა, რომ ვინმეს ჩაგრავდნენ, ან პირადად შეეხებოდა ვინმე, მტრისას, ჩხუბში ნამდვილი პანტერა იყო!“

კადრი ფილმიდან „არ იდარდო“

ერთხელ საუბრისას ბატონმა გურამმა ისიც მიამბო, როგორ სცემა დოდო აბაშიძემ „ინტურისტის“ ბაღში, საზაფხულო რესტორან „ორიენტში“ საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია. რაზე სცემა, ვერ გეტყვით, ბატონ გურამს კონკრეტული მიზეზი არ ახსოვდა („მგონი, უზრდელად მოიქცა და დოდომ ეს ვერ აიტანა. მელიტონი ცოტა უხეში კაცი იყო“), მაგრამ დოდო ამის გამო გაციმბირებას ძლივს რომ გადაურჩა, ფაქტია. მელიტონმა დოდოს სამაგალითო გასამართლება მოითხოვა და არავის თხოვნას არ ითვალისწინებდა – ყველას უარით ისტუმრებდა. თხუთმეტი დღის განმავლობაში დოდოს გათავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდნენ აკაკი ხორავა, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, ელდარ შენგელაია… საბჭოთა კავშირის „პირველი მედროშის“ დაშოშმინება თურმე მხოლოდ სენაკელმა „კანონიერმა ქურდმა“, „ყვავამ“ შეძლო. თავად მელიტონმაც კი გაოცებულმა უთხრა დოდოს: შენ ვინ ყოფილხარ, კაცო?! მთელი ქვეყანა კი მოვიდა ჩემთან სათხოვნელად, მაგრამ „ყვავაც“ თუ შეწუხდებოდა შენი გულისთვის და სენაკიდან ჩამოვიდოდა, არ მეგონაო…

„ფესვები“

„ფესვები“ დოდო აბაშიძის ბოლო ფილმი იყო, თუმცა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ფილმი ეკრანზე არ უნახავს. როდესაც კინოს სახლში ფილმის ჩვენების დროს მისი გმირი – გიორგი კვდებოდა, პარალელურად „ლეჩკომბინატში“ ზუსტად იმავე დიაგნოზით – სისხლის ჩაქცევით დოდო აბაშიძე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს მას რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ მიენიჭა.

კადრი ფილმიდან „ფესვები“

დოდო აბაშიძეს რომ გაშორდა, სიცოცხლემ თითქოს საკუთარ თავს უღალატა, რადგან დოდო თვითონ იყო სიცოცხლის განსახიერება მთელი თავისი არსებით და ადამიანური ღირსებებით.

თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: „ფესვები“ – ქართველი ემიგრანტის დაუვიწყარი ისტორია

უდიდესი ტრაგიკოსის გახსენება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close