საბერძნეთში სკოლის მოწაფეს მობილური ტელეფონი ჯიბეში აუფეთქდა
ახალთახალი მობილური ტელეფონი სკოლის მოწაფის ჯიბეში აფეთქდა. შემთხვევა კრეტაზე, ქალაქ ხანიაში მოხდა. როგორც თავად მოზარდი და დედამისი ჰყვებიან, მობილური ელექტროტექნიკის ადგილობრივ მსხვილ ქსელურ მაღაზიაში შეიძინეს ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე.
როგორც zarpanews.gr იუწყება, მოზარდმა ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და ცოტა ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ ჯიბიდან ბოლი ამოდიოდა. სინთეტიკური ქსოვილის სამოსს უცბად წაეკიდა ცეცხლი და ამ მომენტში მობილური ტელეფონი პირდაპირ ჯიბეში აფეთქდა. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. საბედნიეროდ, ბიჭი არ დაშავებულა, თუმცა შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო.
შეშფოთებული მშობლები კომპანიას დაუკავშირდნენ, მომხდარის შესახებ აცნობეს და სთხოვეს, შეეცვალათ ტელეფონი, დაზიანებული მობილურისთვის კი ტექნიკური ანალიზი ჩაეტარებინათ, თუ რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, თუმცა კომპანიის პასუხი უარყოფითი იყო. დაზარალებულებს განუცხადეს, რომ „აპარატის შეცვლა ან კომპენსაციის გაცემა მათ ვალდებულებას არ წარმოადგენს“. თუმცა მას შემდეგ, რაც zarpanews.gr-მა ინფორმაცია გამოაქვეყნა და ფაქტის შესახებ მთელი საბერძნეთი ალაპარაკდა, მოზარდის დედას მაღაზიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კომპენსაციას გადაუხდიან იმისთვის, რაც მათ გადაიტანეს.
ბიჭის დედას დაურეკეს მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიიდანაც და თუმცა თავიდან უარი თქვეს დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა ტელეფონის შეცვლის თაობაზე, ამჯერად უკვე დაჰპირდნენ, რომ მოთხოვნას გადახედავენ.
კომენტარები