ეკონომიკაკრიმინალისაქართველო

ფრთხილად – კლიენტების გაკოტრების ახალი ფინანსური პირამიდა!

უკანასკნელი 20 წლის ქართული ბიზნესისთვის ფინანსური პირამიდები არცთუ უცხო ხილი იყო, რომლის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დიდი ნაწილი დღემდე სასამართლოში დადის და სამართალს ეძებს. ასეთ ფინანსურ პირამიდას აგებდა ქართული კომპანია „ფორვარდერი“ ამერიკულ-რუსულ კომპანია „ატლანტიკ ექსპრესთან“ ერთად კავკასიურ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მალე, რამდენიმე თვეში ჩამოიშალა, თუმცა მოასწრო და სოლიდურად დააზარალა არა მხოლოდ ქართველი, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი დილერებიც.

„ფორვარდერის“ მომხმარებლებისთვის საავდრო ღრუბლები მაშინ შეიყარა, როცა კომპანიაში ავტომობილის შესაძენი თანხების გადარიცხვის შემდეგ, დათქმულზე ბევრად დიდი დრო გავიდა და ნაყიდი მანქანები მეპატრონეებს არა და არ ჩაბარდათ. „ფორვარდერის“ კლიენტებს, რომლებიც ქართულ პორტებში შემოსული ავტომანქანების მოლოდინში დღე-დღეზე იყვნენ, მათთვის სრულიად უცხო კომპანია „ატლანტიკ ექსპრესი“ უკავშირდებოდა და ავტომობილის ღირებულების 10%-ის დამატებით გადახდას სთხოვდა. გაკვირვებულ კლიენტებს ტელეფონით იმასაც ატყობინებენ, რომ თუ ამ თანხის გადახდას მფლობელები არ ან ვერ შეძლებენ, მათი მანქანა დაუყოვნებლივ გაიყიდებოდა და უკვე გადახდილი თანხაც უკვალოდ დაეკარგებოდათ.

ის ვინც იკითხავდა, რაში და ვის უხდიდნენ დამატებით თანხებს, რომელზეც საუბარი არც ხელშეკრულებაში ყოფილა გათვალისწინებული და არც კერძო საუბარში, „ატლანტიკ ექსპრესი“ მოკლედ პასუხობდა, რომ ქართულ ,,ფორვარდერს“ ამერიკული „ატლანტიკ ექსპრესის“ დავალიანება ჰქონდა, ამავდროულად, „ფორვარდერი“ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა – ეს ყველაფერი უკვე წინასწარ შეთანხმებულ სქემას წააგავდა.

რამდენი კლიენტი დააზარალეს ამ კომპანიებმა, დღემდე ზუსტად არავინ იცის. „ფორვარდერის“ ისტორია ქართულ საავტომობილო ბაზარზე ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო. მისი ოფიციალური ვებგვერდი დაინტერესებულ, პოტენციურ კლიენტებს დღემდე ატყობინებს, რომ: კომპანია ფორვარდერმა, 2012 წლიდან დღემდე, არაერთხელ ასახელა საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს მასშტაბით. მისი შედეგებია: კომპეტენტურობა, კორექტულობა და კეთილი ნება, „რთულკლიენტებთან მუშაობის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათი მაქსიმალურად წარმატებით მოგვარების უნარი.

კონფლიქტების თავიდან აცილების რა მოგახსენოთ, კონფლიქტების დაგროვება კი 6 წლის კომპანიაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, რაც იაპონური მანქანების იმპორტი, როგორც მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისა, ქართულმა კანონმდებლობამ შეზღუდა და „ფორვარდერმა“, გადარჩენის მიზნით, ბიზნესი ამერიკაში გადაიტანა. „შესაძლებლობათა ქვეყანაში“, ღია ბაზარზე საკუთარი ფასითა და რიგი პროდუქტებით შესულ კომპანიას გაუჭირდა. „ფორვარდერს“ არც ის ინფრასტრუქტურა გააჩნდა, რომელიც ამერიკიდან საქართველოში მანქანების ჩამოსაყვანად იყო აუცილებელი. ამიტომ, ქართული კომპანია  „ატლანტიკ ექსპრესს“ გაურიგდა.

ამერიკიდან იმპორტის ბაზარზე კონკურენცია გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. იაპონური ბაზრისგან განსხვავებით, აქ „ფორვარდერი“ ექსკლუზიური ბენეფიტებით ვერ სარგებლობდა. ამიტომაც მოუწია კავკასიურ ბაზარზე კლიენტებისთვის გაცილებით დაბალი ტარიფის შეთავაზება, რაც მას მომავალში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნიდა. გათვლა მარტივი იყო: „ფორვარდერის“ შეთავაზება კლიენტისთვის იმდენად მომგებიანი იყო და ფასი იმდენად დემპინგური, რომ დამკვეთები სხვა კომპანიებიდანაც მოეზიდათ და ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა აეგოთ: მეტია კლიენტი, მეტია შემოსავალი; მართალია ტარიფი არაგონივრულად დაბალი იყო და ის ვერ ფარავდა მომსახურების თვითღირებულებას. მართალია „ფორვარდერის“ ასეთი არასწორი ეკონომიკური გათვლებით ქართულ ბაზარზე ბევრ პატიოსან სატრანსპორტო ფირმას შეექმნა პრობლემა, მაგრამ ფორვარდერის მიზანი ძალზე მოკლევადიანი იყო: „გავქაჩავთ“ მანამ, სანამ „გავქაჩავთ“! და დადგა დღე, როდესაც „ვეღარ გაქაჩეს.“

პირველ ეტაპზე თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა: „ატლანტიკ ექსპრესი“ საქართველოში ავტომობილებს გზავნიდა, ტრასპორტირების ღირებულებას კი საზღვაო ხაზებს მხოლოდ მაშინ უხდიდა, როცა მანქანები საქართველოს პორტებში შემოვიდოდა.

როგორც ჩანს, გაუთვალისწინებელი ხარჯები იმაზე მეტი დაგროვდა, რომლის გადახის საშუალებასაც ამ კოალიციას ჰქონდა. არასწორმა ფინანსურმა მენეჯმენტმა კომპანიები აიძულა ერთი მანქანის ტრანსპორტირების თანხა (რომელიც წინასწარვე ჰქონდა დახარჯული) სხვა ავტომობილის თანხით გადაეფარათ. ვალები დღითიდღე გროვდებოდა… მალე კომპანია ფინანსური კრახის პირისპირ აღმოჩნდა.

„ატლანტიკ ექსპრესი“ მიხვდა, რომ საზღვაო ხაზებს ვალს ვერ უხდიდა, ამიტომ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი დაახლოებით 500 ავტომობილი ქართულ პორტებში გააჩერა და კლიენტებს აღარ გაატანა.

ავტომობილთა კლიენტები კი ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფიზიკური პირები და დილერები იყვნენ, რომლებსაც თანხა კომპანიისთვის მთლიანად ჰქონდათ გადახდილი. „ატლანტიკ ექსპრესი“ მალე იმასაც მიხვდა, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით, აღნიშნულ თანხებს ვერ შეაგროვებდა, ამიტომაც გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ „ატლანტიკ ექსპრესმა“, კანონის გვერდის ავლით და კლიენტთა დაზარალებით, „ფორვარდერთან” საიდუმლო გარიგება დადო, რომლის მიზანი შეჭმული თანხების კლიენტებისგან ამოღება და ამ გზით დანაკლისის დაფარვა იყო.

ამასობაში „ფორვარდერმა“ გაკოტრების შესახებ გამოაცხადა და ოფისი დაკეტა, მალე, ქართულ-ამერიკული კომპანიების მაქინაციური გეგმა ამოქმედდა, რომლის შედეგებიც საკუთარ „ტყავზე“ მწარედ იგემეს „ფორვარდერის“ და „ატლანტიკის“ კლიენტებმა.

როგორც აღმოჩნდა, პორტში მისულ კეთილსინდისიერ მყიდველებს „ატლანტიკ ექსპრესი“ დამატებით დიდ თანხებს სთხოვდა (500 – 3000 დოლარიდან ზემოთ, მანქანის მათ მიერვე განსაზღვრული ღირებულებიდან გამომდინარე). იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მფლობელი „შეწერილ“ თანხას არ ან ვერ იხდიდა, რუსულ-ამერიკული კომპანია Atlantic Express-ი ასეთ ავტომობილებს ხელმეორედ ყიდდა, თაღლითურად ამოღებული თანხებით კი კომპანიის დაგროვილ ვალებს იხდიდა.

იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც მთლიანი თანხის დაკარგვის შიშით, სოლიდური თანხები გადაიხადეს, საკმოდ დიდია. თუ მანქანის შესაძენი ღირებულება 8000 -10 000 დოლარს აჭარბებდა, შემძენი, იძულების წესით, კიდევ დაახლოებით 2000 დოლარს იხდიდა, რომ ამერიკიდან გამოგზავნილი, ქართულ პორტში „დაპატიმრებული“ მანქანა, ბოლოს და ბოლოს, სახლში წაეყვანა.

„ფორვარდერის“ კლიენტთა დიდ უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ ქართული და ამერიკულ-რუსული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ კეთილსინდისიერ შემძენთა ხარჯზე, რომლებსაც ავტომობილები იპოთეკური თუ სალომბარდე კრედიტებით აქვთ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა კომპანიების კრიმინალური გარიგების შედეგად უკვე 30-50 000 დოლარზე მეტი დაკარგა.

ერთ-ერთი დაზარალებული ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ „ფორვარდერს“ ავტომობილი ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეუკვეთა და კარგა ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა.

„ავტომობილთა ტრანსპორტირებისათვის დამატებით თანხას ამერიკული კომპანია გვთხოვს. მეუბნებიან, რომ ქართულ კომპანიას ტრანსპორტირების თანხები „შეუჭამია“. მეგონა, ფული ჩავრიცხე, ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ ჩემი ავტომობილი ჯერ კიდევ „ატლანტიკის“ ამერიკის საწყობში დგას. ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ფორვარდერს“ 250 000 დოლარი აქვს მათი ვალი და სანამ არ გადაიხდის, მანქანას ვერ გამოგიგზავნითო. არიან კლიენტები, რომელთა მანქანები საერთოდ დაკარგულია. გავიგეთ, რომ „ფორვარდერის“ კრიმინალურ საქმიანობას ფინანსური პოლიცია იძიებს, თუმცა სიტუაცია ძალიან გაუგებარია. „ფორვარდერი“ ამბობს, ამერიკელების ვალი არ გვაქვსო, „ატლანტიკ ექსპრესი“ კი – პირიქით. მე 3000 დოლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20-50 000 დოლარი აქვს გადარიცხული. ზოგს ამ ბიზნესში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები, მათი ფინანსური მაქინაციების გამო, ხვალ ქუჩაში აღმოჩნდებიან!“ – ამბობს ლადო გურგენიძე.

დღეისათვის კომპანია „ფორვარდერის“ ოფისი დაკეტილია. სასოწარკვეთილ ბიზნესმენებსა და კლიენტებს ვერც კომპანიაში და ვერც ფინანსურ პოლიციაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ სცემს – როდის დაუბრუნდებათ, ან დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე ნაყიდი მანქანები, ან გადახდილი ფული.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ geotimes.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close