პოლიტიკასაქართველო

როდის დანიშნავს ცესკო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს?

საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეს თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მაქსიმალური ვადა, კანონის თანახმად, არჩევნების თარიღიდან 20 დღეა. „საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. ამ განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ მეორე ტური 2 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პირველ ტურში არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოგროვებას შეძლებს. თუ ვერცერთი კანდიდატი მხარდაჭერის ასეთ მაჩვენებელს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის იმართება. ამ არჩევნებში, როგორც ცნობილია, ასეთი კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 615 964 ხმა აქვს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 601 213 ხმა, ანუ 37.73 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს საყოველთაო ფარული კენჭისყრით. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, მომავალში საქართველოს პრეზიდენტს, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობასაც ცესკო ამტკიცებს. საარჩევნო კოლეგია შედგება ეგრეთ წოდებული 300 ხმოსნისგან. ხმოსნები არიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აგრეთვე, ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული პირები.

საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს, კანონით, 5 წლის ვადით ირჩევს, თუმცა წელს არჩეულ პრეზიდენტს ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება, რათა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნებს დაემთხვეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close