საქართველოს ნაკრების წევრმა ილია სულამანიძემ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონი.
ფინალური შეხვედრა დაძაბული და ტაქტიკური ბრძოლით გამოირჩეოდა. გადამწყვეტი მომენტი ვიდეოგადახედვის შემდეგ დადგა: მსაჯებმა ილია სულამანიძის სასარგებლოდ იუკო დააფიქსირეს, რამაც ქართველ სპორტსმენს გამარჯვება მოუტანა.
სულამანიძისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე მედალია – 2021 წელს მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ოთხი მედალია: ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქრო მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლი, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) კი – ბრინჯაო. ილია სულამანიძის გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შეემატა.
10 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვაჟთა +100 კგ და ქალთა +78 კგ წონით კატეგორიებში გაიმართება. საქართველოს სახელით იასპარეზებენ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში 11 ოქტომბერს შერეული გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.
ნუცა ყაველაშვილი



