ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალია: შეღავათები ხანდაზმულთათვის 2026 წელს – რა დახმარებებს მიიღებენ 65, 67, 70 და 80 წელს გადაცილებულები

2026 წელს იტალიაში ხანდაზმულთათვის კვლავ მოქმედებს სახელმწიფო დახმარებებისა და სოციალური შეღავათების ფართო სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური ხარჯების შემცირებას და აუცილებელი მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

შეღავათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქართველი ემიგრანტებისთვისაც, რომლებიც მრავალი წელია იტალიაში ცხოვრობენ, ფლობენ ბინადრობის ნებართვას, ან უკვე იღებენ იტალიურ პენსიას.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი „70 წელს გადაცილებულთა ბონუსი“ არ არსებობს. თითოეული პროგრამა განსხვავებულ პირობებს ეფუძნება და დამოკიდებულია ასაკზე, ოჯახის შემოსავალზე, ISEE-ის მაჩვენებელზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ოჯახის შემადგენლობაზე.

Carta Acquisti – სასურსათო ბარათი

ყველაზე ცნობილი სოციალური დახმარებაა Carta Acquisti, რომელიც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. 70 წელს გადაცილებულ პირებზე მოქმედებს სპეციალური ეკონომიკური კრიტერიუმები.

2026 წელს ბარათის მიღება შესაძლებელია, თუ:

  • ISEE არ აღემატება 8 230,81 ევროს;
  • დაკმაყოფილებულია ქონებრივი კრიტერიუმებიც.

კანონი ასევე აწესებს ქონებრივ შეზღუდვებს. მაგალითად, ბენეფიციარი არ უნდა ფლობდეს ერთზე მეტ საცხოვრებელ უძრავ ქონებას (თუ საკუთრების წილი 25%-ს ან მეტს შეადგენს), ორზე მეტ ავტომობილს და უნდა აკმაყოფილებდეს სხვა, კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ბარათზე ირიცხება 80 ევრო ყოველ ორ თვეში ერთხელ, რომლის გამოყენება შესაძლებელია:

  • სურსათის შესაძენად;
  • მედიკამენტების საყიდლად;
  • ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების დასაფარად.

პროგრამაში ჩართული ზოგიერთი მაღაზია და აფთიაქი დამატებით 5%-იან ფასდაკლებასაც სთავაზობს ბარათის მფლობელებს.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია Poste Italiane-ის ფილიალში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, საგადასახადო კოდის (Codice Fiscale) და მოქმედი ISEE-ის წარდგენით.

თვეში 850 ევრომდე დახმარება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმულებისთვის

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამაა Prestazione Universale, რომელიც ითვალისწინებს თვეში 850 ევრომდე დამატებით დახმარებას.

თუმცა ეს პროგრამა 70 წელს გადაცილებულ ყველა პირს არ ეხება.

მის მისაღებად აუცილებელია, რომ ბენეფიციარი იყოს 80+ ასაკის, არ აქვს უნარი, საკუთარ თავს მოუაროს და მოვლის მაღალი საჭიროება აქვს; მისი სოციალურ-სამედიცინო ISEE არ აღემატება 6 000 ევროს და უკვე აქვს დანიშნული მოვლის შემწეობა.

ამასთან, ამ თანხების თავისუფლად ხარჯვა აკრძალულია – ის განკუთვნილია ოჯახის დამხმარისა და კვალიფიციური მომვლელის ანაზღაურებისთვის.

განაცხადი Prestazione universale-ს მეშვეობით კეთდება INPS-ის ვებგვერდზე. პროგრამა ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მოქმედებს და დაფინანსებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

სამედიცინო მომსახურების თანაგადახდისგან გათავისუფლება

65 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ E01 კოდით გათვალისწინებული შეღავათით.

ამისთვის ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 36 151,98 ევროს.

შეღავათი ძირითადად ეხება სპევციალიზებულ ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას;

მედიკამენტებთან დაკავშირებული წესები რეგიონების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

უმეტეს შემთხვევაში შეღავათი ავტომატურად ახლდება, თუ ბენეფიციარის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა.

ფასდაკლება ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე და ნარჩენების გატანაზე

დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის 2026 წელს კვლავ მოქმედებს კომუნალური მომსახურების სოციალური ბონუსები.

თუ ISEE არ აღემატება 9 796 ევროს, ავტომატურად შეუძლია მიიღოს ბონუსები კომუნალურ გადასახადებზე. ოჯახებისთვის, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვია, შემოსავლის ზღვარი 20 000 ევრომდე იზრდება.

ცალკე განაცხადის შეტანა საჭირო არ არის – საკმარისია ISEE-ის გასაანგარიშებლად DSU-ის წარდგენა.

სოციალური შემწეობა 67 წელს გადაცილებულთათვის

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ პირებს შეუძლიათ მიიღონ Assegno Sociale.

ამისთვის საჭიროა:

  • მინიმუმ 67 წლის ასაკი;
  • იტალიაში ლეგალური და უწყვეტი ცხოვრება არანაკლებ 10 წლის განმავლობაში;
  • კანონით დადგენილი შემოსავლის ზღვრის დაცვა.

2026 წელს შემოსავლის მაქსიმალური ზღვარია:

  • 7 101,12 ევრო – მარტოხელა პირისთვის;
  • 14 202,24 ევრო – დაქორწინებული წყვილისთვის.

შემწეობის ოდენობა შეადგენს 546,24 ევროს თვეში და გაიცემა 13 თვის განმავლობაში.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია INPS-ის პორტალზე SPID-ის, CIE-ის ან CNS-ის გამოყენებით, ან პატრონატის (Patronato) დახმარებით.

ADI – ოჯახებისთვის, სადაც 60 წელს გადაცილებული წევრი ცხოვრობს

Assegno di Inclusione (ADI) განკუთვნილია იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემადგენლობაშიც მინიმუმ ერთი 60 წელს გადაცილებული წევრია.

2026 წელს ძირითადი მოთხოვნაა, რომ ISEE არ უნდა აღემატებოდეს 10 140 ევროს.

67 წელს გადაცილებული პირებისგან შემდგარ ოჯახებს, ასევე, იმ ოჯახებს, სადაც 67 წელს გადაცილებულ პირ(ებ)თან ერთად მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მუდმივ მოვლას დაქვემდებარებული ადამიანი ცხოვრობს, უფრო ხელსაყრელი კრიტერიუმები აქვთ.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია INPS-ისა და SIISL-ის პლატფორმების მეშვეობით.

დამატებითი „მეთოთხმეტე“ პენსია

64 წელს გადაცილებულ პენსიონერებს შეიძლება ეკუთვნოდეთ ე. წ. quattordicesima – ყოველწლიური დანამატი პენსიაზე, რომლის ოდენობა დამოკიდებულია:

  • სადაზღვევო სტაჟზე;
  • საპენსიო შემოსავალზე.

თუ წლიური საპენსიო შემოსავალი 11 931,08 ევრომდეა, დამატებითი თანხა შეადგენს (შრომითი სტაჟის მიხედვით):

  • 437 ევროს;
  • 546 ევროს;
  • 655 ევროს.

11 931,08-იდან 15 908,10-მდე ევროს  შემოსავლის შემთხვევაში თანხა მცირდება და შეადგენს (შრომითი სტაჟის მიხედვით):

  • 336 ევროს;
  • 420 ევროს;
  • 504 ევროს.

უმეტეს შემთხვევაში INPS ამ თანხას ავტომატურად რიცხავს ივლისში, ზოგჯერ კი – დეკემბერში.

50%-იანი შეღავათი ფიქსირებულ ტელეფონზე

დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს (ISEE არ უნდა აღემატებოდეს 8 112,23 ევროს) შეუძლიათ მიიღონ 50%-იანი ფასდაკლება ფიქსირებული სატელეფონო კავშირისთვის – TIM-ის ტარიფზე Voce.

ამ შემთხვევაში ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი ნახევრდება (18,87 ევროდან 9,44 ევრომდე, დღგ-ის ჩათვლით), ხოლო პაკეტში შედის 30 უფასო წუთი იტალიის სტაციონარულ და მობილურ ნომრებზე.

განაცხადი უშუალოდ TIM-ში უნდა შეიტანოთ მოქმედი ISEE-ის წარდგენით.

ვის შეუძლია ამ დახმარებებით სარგებლობა?

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების დიდი ნაწილი მხოლოდ ასაკზე არ არის დამოკიდებული. თითქმის ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ISEE-ის მაჩვენებელს, ოჯახის შემოსავალს, ქონებრივ მდგომარეობასა და, ზოგიერთ შემთხვევაში, იტალიაში ლეგალური და უწყვეტი ცხოვრების ხანგრძლივობას. სწორედ ამიტომ, თითოეული დახმარების მოთხოვნამდე სასურველია დაინტერესებულმა პირმა შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამის კრიტერიუმებს.

ნინო ხოშტარია

მასალა მომზადებულია იტალიური მედიისა და ოფიციალური იტალიური ინსტიტუტების (INPS, ARERA, MEF) გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close