„ბევრი რამ თავიდან გადავაფასეთ“ – ფრანგული ჟანდარმერიის ქართველი კაპიტანი ნინო გიუნაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე

ხუთი წლის წინ, როდესაც ჩვენი პირველი ინტერვიუ შედგა, ნინო გიუნაშვილი საფრანგეთის ჟანდარმერიის ოფიცერთა ნაციონალური აკადემიის სტუდენტი იყო და პროფესიული გზის დასაწყისზე საუბრობდა. დღეს ის უკვე კაპიტანია, მუშაობს ჟანდარმერიის რეგიონულ შტაბში მარსელში და, ამასთან ერთად, მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ნინო დედა გახდა.
როგორია გზა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან ფრანგული ჟანდარმერიის კაპიტნობამდე, როგორ იცვლება პასუხისმგებლობა და ხედვა, როცა სამსახურებრივ მოვალეობებს შვილზე ზრუნვა ემატება და როგორ ინარჩუნებს ქართველი ოფიცერი საკუთარ იდენტობას ფრანგულ სისტემაში – ნინო გიუნაშვილი გულწრფელად გვიყვება გასული წლების სამუშაო გამოცდილებაზე და თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელმაც სრულიად ახალი, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.
——-
ნინო, ჩვენი პირველი ინტერვიუდან ხუთ წელზე მეტი გავიდა. სწავლა ალბათ უკვე დიდი ხანია დაასრულეთ, 2024 წელს კი, როგორც ვიცი, კაპიტნის წოდებაც მიიღეთ. როგორ გაიხსენებთ ამ მომენტს? – რას ნიშნავს თქვენთვის ეს მიღწევა პიროვნულად და პროფესიულად, რამდენი წლის იყავით, კაპიტანი რომ გახდით?
სწავლა ჟანდარმერიის სამხედრო აკადემიაში 2021 წელს დავასრულე, არადა ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს გუშინ იყო. აკადემიიდან ლეიტენანტის წოდებით გამოვედი და ამის შემდეგ სამი წელი ვიმსახურე ალპ-დე-ოტ პროვანსის (Alpes-de-Haute-Provence) დეპარტამენტში. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მდიდარი იყო როგორც ადამიანურად, ისე პროფესიულად. დარწმუნებული ვარ, ამ ულამაზეს დეპარტამენტში გატარებული სამი წელი არასდროს დამავიწყდება.
კაპიტნის წოდება 2024 წლის ზაფხულში მივიღე. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო – ჩემს კარიერაში ლეიტენანტობის ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყო. იმ დროს 31 წლის ვიყავი. ზოგი კაპიტნის წოდებას უფრო ახალგაზრდა ასაკში იღებს, ზოგი უფრო გვიან; ჩემს შემთხვევაში უმაღლესმა განათლებამ კარიერული კალენდარი ოდნავ გადასწია. ამიტომ ეს ნაბიჯი ჩემთვის სრულიად ლოგიკური და სწორ დროს მომხდარი განვითარება იყო.

სად მუშაობთ ახლა და რა არის თქვენი ამჟამინდელი ფუნქცია და პასუხისმგებლობები?
2024 წლის სექტემბერში მარსელში გადმომიყვანეს. ამჟამად ვმუშაობ ჟანდარმერიის რეგიონულ შტაბში (რომელიც პროვანს-ალპ-კოტ-და’აზურის – Provence-Alpes-Côte d’Azur – მთელ რეგიონზეა პასუხისმგებელი), ბიუჯეტური კონტროლის განყოფილებაში, თუმცა ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ფინანსებს არ ეხება – რეგიონულ დონეზე ვაკვირდებით, როგორ მუშაობს სხვადასხვა სტრუქტურა, ვამოწმებთ პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში მუშაობის გაუმჯობესების მეთოდებს ვთავაზობთ.
ქალი ოფიცერი ფრანგულ სამხედრო/უსაფრთხოების სისტემაში ალბათ იშვიათი აღარ არის, მაგრამ საინტერესოა, რა გამოწვევების წინაშე დგახართ? როგორია თქვენი ყოველდღიური გამოცდილება ამ სტრუქტურაში?
დღეს საფრანგეთის ჟანდარმერიაში ქალი ოფიცერი ნამდვილად აღარ არის იშვიათობა – ფორმაში ჩაცმული ქალი უკვე აღარავის აკვირვებს. ქალები წარმოდგენილნი არიან ყველა – ოფიცრების, უნტეროფიცრებისა თუ სამოქალაქო პერსონალის – დონეზე. ჟანდარმერიამ რეკრუტირება ყველა პროფესიაზე გახსნა, მათ შორის, ყველაზე სპეციფიკურ დანაყოფებშიც, რამაც ქალებს მისცა შესაძლებლობა, ეტაპობრივად მიაღწიონ ოფიცრის მაღალ წოდებებს. ამას დრო სჭირდება, მაგრამ დღეს უკვე სულ უფრო მეტ ქალ ოფიცერს ვხვდებით და მომავალში, შესაბამისად, უფრო მეტ ქალ გენერალსაც შევხვდებით. რაც სამხედრო სტრუქტურებსა და საჯარო სამსახურში განსაკუთრებით დასაფასებელია, არის ის, რომ ანაზღაურება არ არის დამოკიდებული სქესზე ან ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე – ხელფასი განისაზღვრება სტატუსით, წოდებითა და საფეხურით.
გასული, 2025 წელი თქვენთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – დედა გახდით. როგორ შეცვალა პატარა ედგარის დაბადებამ თქვენი ცხოვრება?
ედგარი 2025 წლის 30 ივნისს დაიბადა და ჩვენს ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა. მან, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ბევრი რამ თავიდან გადავაფასეთ, შეიცვალა პრიორიტეტები და ყოველდღიურობის აღქმაც. ამ ყველაფერზე დეტალურად საუბარი რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს არის ძალიან პოზიტიური ცვლილება ჩვენს ცხოვრებაში.

როგორ შეარჩიეთ სახელი – ედგარი, აქვს თუ არა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა თქვენთვის ან თქვენი ოჯახისათვის? ედგარის მამაზეც გვიამბეთ, თუ შეიძლება, – ფრანგია? ისიც ჟანდარმია? როგორ გაიცანით?
ჩვენი ბიჭუნას სახელი მე შევარჩიე და მამამისაც მაშინვე მოეწონა. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მაჩუქა ედგარ ალან პოს პორტრეტი, რომელიც თავად დახატა. ედგარ ალან პოს სახელის ჟღერადობა ყოველთვის მომწონდა. ედგარის მამას ძალიან უყვარს ლიტერატურა, ამიტომ არჩევანი საკმაოდ ბუნებრივად მოხდა. გვინდოდა, ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც ცოტა ძველია, მაგრამ დღეს ძალიან გავრცელებული არ არის, არ უკავშირდება კონკრეტულ ეპოქას და არცერთ კულტურას ზედმეტად არ მიეკუთვნება – არც ქართულს და არც ფრანგულს.
ედგარის მამა, რემი სზაბო, ფრანგია, თუმცა შორეული უნგრული ფესვებიც აქვს და მისი გვარიც უნგრულია. ჩვენ ერთმანეთი ჟანდარმერიაში გავიცანით – ისიც ოფიცერია – თუმცა ერთად არასდროს გვიმუშავია. დღეს იგი ხელმძღვანელობს საზღვაო ჟანდარმერიის ბრიგადებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მარსელიდან ესპანეთის საზღვრამდე, ასე რომ, პროფესიულად თითოეულს საკუთარი გზა გვაქვს.

სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი, განსაკუთრებით ასეთ რთულ და დატვირთულ სამსახურში, რა თქმა უნდა, ადვილი მისაღწევი არ არის. როგორ ახერხებთ კარიერის, დედობისა და ყოველდღიური საქმეების შეთავსებას? ვინ გეხმარებათ ბავშვის მოვლაში – ბებია, ეკა რამდენად არის ჩართული?
რა თქმა უნდა, მარტივი არ არის პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე მშობელი მთელი დღე სამსახურშია. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, ყველაფერი ეტაპობრივად და მშვიდად მოვაწყოთ, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. ედგარის მამა აქტიურად არის ჩართული შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს დედაჩემისგან – ეკასგან (მახათაძე-გიუნაშვილი – რედ.) – რომელიც მარსელში გადმოვიდა საცხოვრებლად და მთელი დღის განმავლობაში ედგარის მოვლა საკუთარ თავზე აიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში არ წაგვეყვანა საბავშვო ბაღში და შეძლებისდაგვარად ოჯახურ გარემოში გაზრდილიყო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.

როგორ წარმოგიდგენიათ ედგარის აღზრდა – გინდათ, რომ ქართული ენა და ტრადიციებიაც შეიყვაროს და ქართული იდენტობაც არ დაკარგოს?
რა თქმა უნდა! ედგარი ნახევრად ქართველია და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს თავისი ენა და კულტურა. სახლში ქართულად ვესაუბრებით, განსაკუთრებით ეკა. მალე აუცილებლად წავიყვანთ საქართველოში. რემიც სწავლობს ქართულს, ასე რომ, გარემო ამისთვის უკვე შექმნილია.
ფრანგულ ოჯახურ ტრადიციებში რა მოგწონთ ყველაზე მეტად და რა არის ისეთი, რაც, თქვენი აზრით, ქართულს ჰგავს?
ფრანგულ ტრადიციულ ოჯახებში განსაკუთრებით მომწონს ის სიახლოვე და ერთად ყოფნის სურვილი, რაც ძალიან ჰგავს ქართულ ოჯახურ კულტურას. მე თავად დიდ ოჯახში გავიზარდე და მიხარია, როცა ამას საფრანგეთშიც ვხედავ. განსაკუთრებით დღესასწაულების დროს – მაგალითად, შობაზე – როცა ოჯახები ერთად იკრიბებიან.
ოფიცრის მუშაობა ხშირად მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, მაღალ პასუხისმგებლობასა და რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებას, რაც ადვილი არ არის. ბოლო წლებში რა იყო ყველაზე რთული, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება თქვენთვის?
ჟანდარმერიის ოფიცრის საქმიანობა მართლაც ხშირად მოითხოვს სიმშვიდის შენარჩუნებას რთულ სიტუაციებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის სწავლა, რომ ზოგჯერ, გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა ერთი ნაბიჯით უკან დახევა და სიტუაციის მშვიდად გაანალიზება. ბოლო წლებში ყველაზე რთული, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ადამიანების მართვას უკავშირდებოდა. ახალგაზრდა ლეიტენანტი ვიყავი, ახლად გამოსული აკადემიიდან და მიწევდა მუშაობა ჩემზე ბევრად უფროს თანამშრომლებთან, რომლებსაც საკუთარი პროფესიული და პირადი სირთულეები ჰქონდათ. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა, უკეთ გამეგო პასუხისმგებლობის, მოსმენისა და ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა ხელმძღვანელის როლში.
საფრანგეთში უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებიც იცვლება. თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევები გაჩნდა ბოლო პერიოდში და როგორ აისახება ეს თქვენს სამუშაოზე?
ბოლო წლებში უსაფრთხოების სფეროში აშკარად შეინიშნება ცვლილებები – საერთო კონტექსტი უფრო რთული და მოთხოვნადი გახდა. გაიზარდა სოციალური ქსელების გავლენაც: ბევრი სიტუაცია იწერება და ვრცელდება, ზოგჯერ კონტექსტის გარეშე, რაც გაუგებრობებსა და უნდობლობას იწვევს. გარდა ამისა, ბოლო წლებში ხშირად შეინიშნება უნდობლობის ნიშნები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. საბედნიეროდ, ჟანდარმერიაში ჩვენ, ძირითადად, სოფლისა და ნახევრად სოფლის გარემოში ვმუშაობთ, სადაც მოსახლეობასთან ურთიერთობა უმეტესად დადებითია და ნდობა კვლავ არსებობს. ამავე დროს, ჩვენი საქმიანობა მუდმივ ადაპტაციას, სიზუსტესა და სიმშვიდეს მოითხოვს, რათა სწრაფად ცვალებად გარემოს ეფექტურად ვუპასუხოთ.
პროფესიულად რა გეგმები და სურვილები გაქვთ ახლო და შორეული მომავლისთვის? რომელი მიმართულებით გსურთ განვითარება და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული მიზანი ამ ეტაპზე?
ამ ეტაპზე ვიცი, რომ ჩემს პოსტზე 2027 წლის ზაფხულამდე დავრჩები. ამის შემდეგ, როგორც ეს ჟანდარმერიაში ხდება, მეუღლესთან ერთად ახალი გადაყვანა გველოდება და შეიძლება საფრანგეთის ნებისმიერ რეგიონში აღმოვჩნდეთ. რა თქმა უნდა, ეს გადაადგილებებს მოითხოვს და ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ, ამავდროულად, გვაძლევს შესაძლებლობას, შევიცვალოთ გარემო, აღმოვაჩინოთ ახალი პოსტები და ახალი ადგილები. პროფესიულად ჩემთვის გარკვეული მიმართულებები და რეგიონები უფრო საინტერესოა და ვიმედოვნებ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიქნები. ჯერჯერობით ძალიან გამიმართლა – ყოველთვის ისეთ ადგილებში მიწევდა მუშაობა, სადაც ცხოვრება მიყვარდა. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.

დაბოლოს, პირად ცხოვრებაში როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
ამ ეტაპზე განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს. მინდა, უბრალოდ, დრო გავატარო ედგართან, სანამ ჯერ კიდევ პატარაა. ამასთან ერთად, ნელ-ნელა ვუბრუნდები იმას, რაც ყოველთვის მიყვარდა – მოგზაურობას და განსაკუთრებით მთაში ლაშქრობებს, რაც ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში დროებით შევაჩერე.
ნინო ლურსმანაშვილი
გაიგეთ ნინო გიუნაშვილზე მეტი: ახალგაზრდა ქართველი ოფიცერი ქალი საფრანგეთის სამსახურში



