ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ახალგაზრდა ქართველი ოფიცერი ქალი საფრანგეთის სამსახურში

ნინო გიუნაშვილი: „ფრანგული ცხოვრების სისტემა მომწონს: თუ იშრომებ, მიაღწევ მიზანს, მიუხედავად იმისა, ემიგრანტი ხარ თუ არა“

ნინო გიუნაშვილმა, როგორც წარმატებულმა ოფიცერმა, 14 ივლისს მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის –  ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. ამის შესახებ პატარა ინფორმაცია და ნინოს რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. nostal.ge დაინტერესდა ახალგაზრდა ქართველი ქალის ფრანგული ისტორიით და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. 

ნინო, როგორ აღმოჩნდით ფრანგებისთვის ამ უდიდესი დღესასწაულის ცერემონიაზე და რას გრძნობდით ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისას?

მოგესალმებით და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ყოველ წელიწადს, 14 ივლისს ჩვენი სკოლის École des Officiers de la Gendarmerie Nationale (EOGN) – წარმომადგენლები გამოდიან დეფილეზე, რომელიც ტრადიციულად ეწყობა პარიზის მთავარ პროსპექტზე  – Avenue des Champs-Élysées-ზე. წელს, სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო, მთელი ჯგუფი ვერ გამოვედით და 124 ოფიცრიდან მოუწიათ 40-ის ამორჩევა. ასე აღმოვჩნდი კონკორდის მოედანზე საფრანგეთისთვის ამ დიდი დღის აღსანიშნავად. დიდ სიამაყეს ვგრძნობდი, როგორც ოფიცერი და როგორც ქართველი ემიგრანტი.

ოფიცრის წოდება გაქვთ და საფრანგეთის ჟანდარმერიის ეროვნულ სკოლაში აგრძელებთ სწავლას. რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი და რა გზა გაიარეთ?

Baccalaureat-ის (საქართველოში საშუალო სკოლის დასრულების ატესტატის ეკვივალენტია) აღების შემდეგ ქალაქ Reims-ში ჩავირიცხე უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე – UFR Droit et Science Politique. Licenc-ის (საქართველოში ბაკალავრის ეკვივალენტია) შემდეგ დავამთავრე ორი ხარისხის მაგისტრატურა: Master 1 და Master 2 – საჯარო სამართალის განხრით. კონკურსის მეშვეობით 2018 წელს ჩავირიცხე ჯერ მოსამზადებელ კურსებზე – CPIGN, პარიზში და წარჩინებით დასრულებისას, ისევ კონკურსის გავლის შედეგად, მომენიჭა ოფიცრის წოდება და ამჟამად ვაგრძელებ განათლების მიღებას საფრანგეთის ჟანდარმერიის ოფიცერთა ნაციონალურ სკოლაში – École des Officiers de la Gendarmerie Nationale, რომელიც მდებარეობს მელანში – Melun.

მინდოდა, ისეთ სამსახურში მემუშავა, სადაც ქვეყანას გამოვადგებოდი, თანაც მონოტონური სამსახურის სულ მეშინოდა. ამიტომაც, დიდი ფიქრის შემდეგ, უკვე მიღებული განათლებიდან გამომდინარე, ამოვარჩიე ჟანდარმერია. და ვფიქრობ, ეს ჩემი ყველაზე კარგი არჩევანია.

საფრანგეთში როდის გადავიდა საცხოვრებლად თქვენი ოჯახი და რატომ? რომელ ქალაქში?

საფრანგეთში საცხოვრებლად გადმოსვლა ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო. 2004 წლის ნოემბერში ჩამოვედით ქალაქ რეიმსში და დღესაც ჩვენი ოჯახი იქ ცხოვრობს.

თქვენ მაშინ რამდენი წლისა იყავით? გაგიჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება? რა იყო თქვენთვის მთავარი სიძნელე და როგორ გადალახეთ?

საფრანგეთში რომ ჩამოვედით, 12 წლის ვიყავი. იქიდან გამომდინარე, რომ არც წერა, არც კითხვა და არც ლაპარაკი არ ვიცოდი ფრანგულად, კი, რა თქმა უნდა, გამიჭირდა. თანაც საქართველოში უამრავი მეგობარი და ნათესავი დავტოვე. სიძნელე ის იყო, რომ კომუნიკაციაში ვერ შევდიოდი თანატოლებთან, სანამ ფრანგული არ ვისწავლე. მერე კი ყველაფერი თავისთავად აეწყო.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით „ახალბედა“ ემიგრანტებს?

ეს ერთი რჩევა მექნება – ისწავლეთ და რა სფეროშიც გინდათ. ოღონდ ყველაფერი პატიოსნად გააკეთეთ და დაგიფასდებათ. და რაც მთავარია: გაიღიმეთ!

თუ შეიძლება, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ: დედა, მამა, და-ძმა (?)… სად არიან ამჟამად, რას საქმიანობენ? საფრანგეთის მოქალაქეები ხართ?

დედა და მამა ცხოვრობენ და მუშაობენ ქალაქ რეიმსში. მყავს ერთი და, ანა. უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, მე-6 კურსზეა. ჩემმა მშობლებმა მოქალაქეობა მიიღეს 2009 წელს და ჩვენ, როგორც არასრულწლოვანები, ავტომატურად გავხდით ფრანგი მოქალაქეები.

ნინო დასთან – ანასთან ერთად

რა მოგწონთ ყველაზე მეტად საფრანგეთში და ფრანგულ მენტალიტეტში?

მარტო ერთ რამეს ვერ ავარჩევ, ძალიან კარგ ქვეყანაში ვცხოვრობ. ფრანგული ცხოვრების სისტემა მომწონს: თუ იშრომებ, მიაღწევ მიზანს, მიუხედავად იმისა, ემიგრანტი ხარ თუ არა.

ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინი როგორ გადაიტანეთ?

კარანტინის დროს გამიმართლა, იმიტომ რომ ყოველდღე ვმუშაობდი და სახლში გამოკეტილი არ ვიყავი. კარანტინის პერიოდში სკოლამ გამგზავნა სამუშაოდ ჯერ მთავარ სამმართველოში პარიზში, Covide-19-ის კრიზისულ ჯგუფში და შემდეგ მელანში ჟანდარმერიის დეპარტამენტულ ცენტრში სამუშაოდ. ეგ არის, რომ ჩემი და და მშობლები, ახლობლები ვერ ვნახე ორ თვეზე მეტი, რადგან ვმუშაობდი პარიზში და მელანში.

ბოლო საწვრთნელი შეკრების ცერემონიაზე ნინოს გადასცეს Brevets de Parachutistes militaires français

საქართველოსთან რა გაკავშირებთ ყველაზე მეტად და თუ ახერხებთ ხოლმე ჩამოსვლას? მეგობრები თუ გყავთ საქართველოში?

დიდი ოჯახი და ნათესაობა მყავს საქართველოში. ისე ხშირად ვერ ჩავდივარ, როგორც მინდა, მაგრამ ვახერხებ ჩემების ნახვას და საქართველოში მოგზაურობას. მეგობრები კი ბევრი მყავს საქართველოში.

ქართველ ემიგრანტებთან გაქვთ ურთიერთობა? რომელიმე ქართველი თუ სწავლობს კიდევ თქვენთან?

პარიზში და დღესდღეობით რეიმსშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ მექნება ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე ოჯახთან და ჩემს ტოლ ქართველებთან ვურთიერთობ. მგონი, ქართველი ოფიცერი ჯერ არ ყოფილა ჟანდარმერიის ნაციონალურ ოფიცერთა სკოლაში. თუ არასწორ ინფორმაციას ვფლობ, იმედია, დამიკავშირდებიან ძველი მოსწავლეები და შემისწორებენ.

როგორია თქვენი გეგმები სამომავლოდ?

ერთი წელი დამრჩა სკოლის დამთავრებამდე. მერე ვნახავ, სად გამანაწილებს საფრანგეთის ჟანდარმერია სამუშაოდ. კარიერის გეგმები მაქვს, მაგრამ ყველაფერი თავის დროზე. ამ ეტაპზე ის არის მთავარი, რომ ღირსეულად ვიმსახურო მომავალ პოსტზე.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

დღეს ნინოს დაბადების დღეა. nostal.ge ულოცავს მას და წარმატებებს უსურვებს არჩეულ გზაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close