ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ემიგრანტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის გაუქმებას

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და, შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ, ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე. წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის, გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



