ხელოვნებაარტისტისაქართველო

გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი (ვიდეო)

მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 22 აპრილს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით.

24 და 25 აპრილს თბილისში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, სკულპტორს შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავენ.

ზურაბ წერეთელი ერთ-ერთ პირველ საბჭოთა ოფიციალურ მილიონერად ითვლებოდა.

ის 5000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების (ფრესკები, მოზაიკა, პანელები) ნიმუშის ავტორია. პომპეზურობით და გრანდიოზულობით განთქმული მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია გაფანტული: „სიკეთე ამარცხებს ბოროტებას“ – ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ, „ახალი ადამიანის დაბადება“ – სევილიაში, „უნდობლობის კედელი დაანგრიე“ – ლონდონში, „პეტრე პირველის ძეგლი“ – მოსკოვში, „თავისუფლების მონუმენტი“ – თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

„საქართველოს მატიანე“ თბილისში – მონუმენტური პანო-კოლონა, რომელიც საქართველოს ისტორიაზე მოგვითხრობს.

ზურაბ წერეთელმა დააფუძნა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (1995), მისივე სახელობის ხელოვნების გალერეა (2000) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (2012).

1960-იანი წლებიდან წერეთელი, ძირითადად, რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. იგი იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი 1997 წლიდან, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მთავარი მხატვარი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის, საფრანგეთისა და იუნესკოს არაერთი მაღალი ჯილდოს მფლობელი. 1979 წელს ზურაბ წერეთელს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა, 1980 წელს კი – საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება. 2002 წელს სახელოვანი მოქანდაკე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close