ევროკავშირის ელჩი: „მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, თითქოსდა პოლიციელს სცემა“
„მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, თითქოსდა პოლიციელს სცემა. … ნულოვანი მზაობაა ხელისუფლების მხრიდან, მოუსმინონ ხალხს, რაც სრულიად აღმაშფოთებელია. საჭიროა მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინკსი.
„რაც ბოლო 60 დღის განმავლობაში თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ნულოვანი მზაობაა ხელისუფლების მხრიდან, მოუსმინონ ხალხს, რაც სრულიად აღმაშფოთებელია. საჭიროა მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა. ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი. მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის შერყევა და მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალბატონისთვის, რომელმაც თითქოსდა პოლიციელი სცემა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკოსების დევნაზე, ნამდვილად დაისჯებიან, სამართლიანობა აღსრულდება.
ორშაბათს ჩვენ გადავწყვიტეთ, რეკომენდაცია გაგვეცა წევრი ქვეყნებისთვის, რათა შემოიღონ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ჩვენ უკვე განვიხილეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, დაშინებასა და საქართველოში კანონისა და წესრიგის დარღვევაზე. ასევე, გვაქვს ძალის დისკრიმინაციულად გამოყენება, გვაქვს სასამართლო სისტემისადმი ნდობის შესუსტება. მე გაოგნებული ვარ ბათუმელი მზია ამაღლობელის შიმშილობით. უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალი, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. ყველამ ტელევიზიით ვნახეთ სასტიკი ცემა, ვგულისხმობ ნიღბიანი მამაკაცების მიერ ქალების ცემას, არავის ბრალი არ წაყენებია, ეს უპრეცედენტოა. სწორედ ამიტომ გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან სანქციების შესახებ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ, ერთსულოვნებას შეუერთდნენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობის თავდადებით, ჩვენ დავბრუნდებით და ვიმუშავებთ ერთსულოვნების მიღწევაზე, რაც აუცილებელია ევროკავშირის მიერ სანქციების შემოსაღებად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მედიაგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს პირველი დაპატიმრებისას (ადმინისტრაციული წესით, პლაკატის გაკვრის გამო) სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა (აგინებდა), არ მისცა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის უფლება და სახეში შეაფურთხა. რამდენიმე საათში ადმინისტრაციული პატიმრობიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლების დროს, როდესაც შენობას ტოვებდა, მზია ამაღლობელმა დგებუაძეს სახეში სილა გააწნა, რაც ჩანს მედიასაშუალებით გავრცელებულ კადრებში. „ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გაჰყავთ დგებუაძე ინციდენტის ადგილიდან და როგორ იმუქრება, რომ მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის წესით დაიჭერს („სისხლით დავიჭერ… ბ…შვილი ვიყო“) და თან უშვერი სიტყვებით აგინებს.
იურისტები მზია ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პოლიციელისთვის სილის (ალიყური) გაწვნა, რასაც არანაირი ფიზიკური ზიანი არ მოუტანია ადრესატისთვის, თავდასხმად (მით უმეტეს „მძიმე დანაშაულად“) ვერ ჩაითვლება.
მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან, უკვე მეჩვიდმეტე დღეა, შიმშილობს, იგი იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს საკვებს, არც რაიმე დანამატებს.
„საიას“ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ინფორმაციით, რომლის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი პენიტენციარულ დაწესებულებაში მოინახულა, წერს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ჟურნალისტის ახლობლების და მეგობრების თქმით, ჟურნალისტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს.
უამრავი ადამიანი, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსები და ამერიკელი კონგრესმენები, ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. იმართება საპროტესტო აქციები და მარშები როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
ნანა ძნელაძე
p. s. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით: „დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა“.
p. p. s. მზია ამაღლობელს სასამართლო სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, თან ჰქონდა მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მარია რესამ ვატიკანის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
კომენტარები