პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

„დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც მან განმარტა, არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელი იყო და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა 2 დღეში – 7 ოქტომბერს იწურება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close