თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა, მათ შორის ვილი სანიოლიც არის
„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, რომელიც 5-6 ოქტომბერს იმართება, დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა. თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა.
2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ზურაბ კახაბრიშვილი (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი); მერაბ კილაძე (ექიმი; პროფესორი); გიორგი ჭუმბურიძე (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი); დიმიტრი ბაზერაშვილი (ექიმი, პროფესორი); გიზო გაბესკირია (რეჟისორი); გვანჯი მანია (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი); ბიძინა სონღულაშვილი (ინჟინერი); ნათელა ვასაძე (ფილოლოგი, პროფესორი); გელა ფარჩუკიძე (დირიჟორი); ნელი სალაძე (სპორტსმენი, მწვრთნელი); მზია აფრიდონიძე (მუსიკოსი, მხატვარი); გურამ ბათიაშვილი (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი); კახა ქორიძე (არქიტექტორი, მსახიობი); გოგი მარგველაშვილი (რეჟისორი); თამაზ გოდერძიშვილი (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი); ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი, პუბლიცისტი); გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი); ვახტანგ ცუხიშვილი (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძე (მსახიობი); გურამ კალანდაძე (გეოლოგი); ნელი ბერაია (მსახიობი და მხატვარი); თენგიზ გაჩეჩილაძე (პედაგოგი, ჟურნალისტი); თეიმურაზ ლეჟავა (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში); ოლესია თავაძე (მხატვარი); ვილი სანიოლი (ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი).
„მინდა, საპატიო თბილისელის წოდებაზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი… [იგი] ჩვენთან ერთად ტიროდა რამდენიმე თვის წინ და ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიამაყის…“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვილი სანიოლის წარდგენისას.
დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
კომენტარები