ლაშა ბექაური (90 კგ) თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 50 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
დღესვე ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა (+100) ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი უშანგი კოკაური 50 წამში დაამარცხა იპონით და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ოქრო მოიგო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), მეორე დღეს კი – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).
დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ). მესამე ადგილისთვის ბრძოლა მანაც იპონით მოიგო. მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია – ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს სინჯის, შედეგად, საქართველომ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ასპარეზობაზე საქართველოს ნაკრები 43 სპორტსმენით (28 კაცი, 15 ქალი) იყო წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა 6 მედლით (სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაო) დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლებს ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვერცხლის მედლის მფლობელები გიორგი სარდალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ლაშა შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
დღეს ტურნირზე, წინასწარ და ფინალურ ბლოკებს შორის შესვენების დროს დიდი სპორტიდან გააცილეს ტიტულიანი მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი.
თბილისის გრანდ სლემზე კიდევ ერთმა ქართველმა – ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (100 კგ) მოიპოვა ოქროს მედალი, თუმცა ი, როგორც ცნობილია, ესპანეთის სახელით ასპარეზობს და მედალიც ესპანეთის ნაკრების ანგარიშზე ჩაიწერა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები