ვიდეოსპორტი

3 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა (ვიდეო)

დღეს დამთავრდა „თბილისი არენაზე“ ძიუდოს გრანდ სლემი, რომელიც 24 მარტს დაიწყო. პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობისთვის საქართველოს დედაქალაქში 60 ქვეყნის 380-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა. მთლიანობაში, ქართველებთან ერთად ტურნირში 419 ძიუდოისტი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირის პირველი ორი დღე წარმატებული არ აღმოჩნდა, ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ 2 მედლის აღება შეძლეს – პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კი 25 მარტს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სამაგიეროდ გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს იმარჯვეს ქართველებმა – ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა დაძაბულ ბრძოლაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული პირველად გახდა.

ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელს, გონჩიგსურენ ბატჰუიაგს შეხვდა, მოწინააღმდეგეს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. 21 წლის ილია სულამანიძეც პირველად გახდა თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული.

მესამე ოქროს მედალი კი მძიმეწონოსან (100+) გელა ზაალიშვილის ანგარიშზეა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კუბელ ენდი გრანდას სძლია ულამაზესი გდებით.

საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენი ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე 40 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი – 28 კაცით, 12 – ქალით. სამწუხაროდ, ქალებიდან მედალი ვერავინ მოიპოვა.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ორთაბრძოლები თბილისის გრანდ სლემზე.

ილია სულამანიძის შეხვედრების ვიდეომიმოხილვა

გელა ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close