მედიცინამსოფლიო

„ზომბი-ვირუსები“ ციმბირის მარადიული ყინულებიდან პანდემიას გამოიწვევენ?

„ალბათობა უაღრესად მცირეა, მაგრამ პოტენციური ზიანი შესაძლოა შემზარავი იყოს“ - რას ამბობენ სპეციალისტები

ფრანგი მეცნიერი და გენეტიკის მკვლევარი ჟან-მიშელ კლავერი, რომელიც მარსელის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ამტკიცებს, რომ კაცობრიობა შესაძლოა ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იმ ვირუსებისა და ბაქტერიების გამო მოხდეს, რომლებიც ციმბირის მარადიულ ყინულებში იპოვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით The Guardian-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. „სიბირ. რეალიიმ“ ექსპერტებს გამოკითხა, რამდენად რეალურია, რომ ციმბირის პათოგენებმა პანდემია გამოიწვიონ.

ანტიბიოტიკები ნეანდერტალელების დაავადებებს განკურნავენ?

კლავერი ვარაუდობს, რომ გლობალური დათბობა გამოათავისუფლებს იმ ბაქტერიებს, რომლებიც ახლა ციმბირში მუდმივი ყინულის ქვეშ არიან. ისინი კი, თავის მხრივ, უხსოვარი დროის ავადმყოფობებს გამოიწვევენ. კლავერი ეჭვობს, რომ ამგვარ ეპიდემიას თანამედროვე ანტიბიოტიკებით მალე ვერ დაამარცხებენ, რადგან „ბაქტერიები, რომელთა გენი ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია, ყინულში მოულოდნელად ბევრი აღმოჩნდა“.

თუმცა ამ პესიმიზმს ყველა ექსპერტი როდი იზიარებს.

– თუ რომელიმე ბაქტერია გადნება და გაცოცხლდება, მასზე თანამედროვე ანტიბიოტიკები აუცილებლად იმოქმედებენ, – მიიჩნევს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი იგორ ვასილევსკი (სახელი შეცვლილია – რ.თ.), – ანტიბიოტიკების დიდი უმრავლესობა ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. ისინი საჭიროა იმისთვის, რომ ბაქტერიები და მიკროსკოპული სოკოები ერთმანეთს ებრძოლონ და არა იმისთვის, რომ ადამიანებმა ბაქტერიული ინფექციები მოირჩინონ. რაც ბაქტერიები არსებობს, ანტიბიოტიკებიც არიან. საუბარია ასობით მილიონზე, მილიარდობით წლებზე.

ვასილევსკი დარწმუნებულია, რომ ანტიბიოტიკები, რომლებსაც დღეს მედიცინაში იყენებენ, მუდმივი ყინულის ქვეშ მოქცეულ ბაქტერიებსაც მოერევა. მეტიც, ის ბაქტერიები უფრო მოწყვლადები იქნებიან ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე დღევანდელები.

– ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების გამო ბაქტერიების გენები მათ მიმართ უფრო მდგრადი გახდა. ასე რომ, აქ სერიოზულ პრობლემებს არ უნდა ველოდოთ.

ჟან-მიშელ კლავერი მიიჩნევს, რომ მუდმივი ყინულის საფარველში შესაძლოა ისეთი პათოგენები იყოს, რომლებიც ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. „ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა ზოგ მათგანს არასდროს შეხებია. და ეს მორიგი პრობლემაა“, – განაცხადა მეცნიერმა.

– ბაქტერიები ადამიანებზე ცოტათი ძველია. მაგრამ ის ბაქტერიები, რომლებიც ყინულშია, ბაქტერიების საზომით, ძალიან ახალგაზრდები არიან. მუდმივი ყინულის საფარი ბოლო მილიონი წელია არსებობს, ან ორი მილიონი. ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც დღეს მუდმივი ყინულია, მხოლოდ 200-10 ათასი წლის წინ გაჩნდა. ევოლუციის გადასახედიდან ეს მხოლოდ წამია, ისიც არა, – ამბობს იგორ ვასილევსკი.

ეს დრო ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შეგვეშინდეს, თითქოს მუდმივ ყინულში სასიკვდილო ბაქტერიებია დაკონსერვებული.

– ევოლუცია ნელა მუშაობს. თითქმის ყველა ბაქტერია, რომელსაც ახლა ვეხებით, ძალიან დიდი ხნის წინ წარმოიქმნა. ისეთი „ახლო ნათესავი“ ბაქტერიებიც კი, როგორებიცაა ნაწლავის ჩხირი „Eciherichia coli“ და „სალმონელა“, საერთო წინაპარს ასობით მილიონი წლის წინ დაშორდნენ. ამიტომ ვერ ვივარაუდებთ, რომ თანამედროვე ბაქტერიები ძველებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ 100 ათასი წლის წინ თოვლში გახვეული ბაქტერია ახლა ზედაპირზე ამოვა და ყველას დახოცავს, – ამტკიცებს იგორ ვასილევსკი, – იმაზე ლაპარაკიც უსაფუძვლოა, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ძველ ბაქტერიებს ვერ იცნობს. იმუნური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ცნობს იმას, რასაც კონკრეტული ადამიანი არასდროს შეხვედრია. მას „ისტორიული მეხსიერება“ არ აქვს. ჩვენს სხეულში ის ცარიელი ფურცლიდან იწყებს მოქმედებას.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close