პოლიტიკასაქართველო

თბილისის გერბისა და დროშის შექმნაზე დედაქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

თბილისისთვის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების, გერბისა და დროშის ნიმუშების შექმნაზე ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ისე რამდენიმე ადამიანს ჯგუფურად. გამარჯვებული ნამუშევრის გამოვლენის შემდეგ ის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, ხოლო მისი შემსრულებელი ავტორი ჯილდოდ 10 000 ლარს მიიღებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ კონკურსში მონაწილეობას დააპირებთ:

  • დროშისა და გერბის პროექტების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოთათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური ნორმები;
  • თბილისისთვის დამახასიათებელი ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა;
  • გერბსა და დროშაზე გამოსახულ თითოეულ სიმბოლოს უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსობრივი აღწერა და შესაბამისი ახსნა;
  • გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
  • გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამომსახველი, საქალაქო, ოქროს ხუთკოშკიანი, ქონგურებიანი, გვირგვინი;
  • დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თბილისი“;
  • და, რაც მთავარია – გერბი და დროშა საერთო კონცეფციას უნდა გამოსახავდეს და უნდა ჰქონდეს ბმა როგორც ერთმანეთთან, ისე, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან.

კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შესარჩევი კომისია წარმართავს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: (+995) 322 2 72 22 22 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

თბილისის ამჟამად მოქმედი გერბი 2005 წლის 8 ივნისს დამტკიცდა, დროშა კი 1989 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო ტერიტორიული სიმბოლო. კონკურსის დასრულების და  გამარჯვებული ნამუშევრების გამოვლენის შემდეგ მათ ახალი გერბი და დროშა შეცვლის.

დედაქალაქის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, სახელმწიფო ტერიტორიული სიმბოლოების შეცვლის თაობაზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ რომლის განცხადებითაც, დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება.

„70 მუნიციპალიტეტის გერბი შესრულებულია სრული ჰერალდიკური პრინციპების დაცვით, მაგრამ თბილისის გერბი არ ჯდება ჰერალდიკურ კანონიკაში. შესაბამისად, ახლა მერია და საკრებულო მუშაობს ახალი გერბის და დროშის შექმნაზე. კომისია უკვე შემდგარია და პროცესიც დაწყებულია. ემირ ბურჯანაძის შესრულებული ემბლემა დარჩება, მაგრამ გაიმართება გერბი და დროშა. ერთ-ერთი მთავარი ჰერალდიკური წესია, როდესაც თეთრ ველზე, ვერცხლის ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლო, ეს კანონიკის სრული დარღვევაა. ერთადერთი გამონაკლისია ქრისტეს იერუსალიმის ჯვრის სიმბოლიკა. თანამედროვე მსოფლიო იცავს ამ კანონიკას, რომ თეთრის და ოქროს შეხება ერთმანეთთან სრულიად მიუღებელია. დედაქალაქის დროშაზე პირდაპირ ეს არის დატანილი. ამიტომ ბევრისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გვაქვს ასეთი დროშა, მაგრამ 1989 წელს, როდესაც ეს დროშა შეიქმნა, დიდი მიღწევა იყო იმ დროისთვის, რადგან მასზე გამოსახულია ჯვარი. საბჭოთა დროს ჯვარგამოსახული დროშა დიდი მიღწევა იყო, თუმცა დღეს ეს კანონიკაში არ ჯდება“,ამბობდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსი დავით ჩხეიძე მედიასთან 2019 წელს, როდესაც  პარლამენტმა მიიღო კანონი “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ”, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოში მოექცეს.

თბილისის ამჟამინდელი გერბი
თბილისის ამჟამინდელი დროშა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close