ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ნაპოლი“ – „იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. შეხვედრა „ნაპოლიმ“ მოიგო ანგარიშით 2:1.

ქართველ ფეხბურთელს ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება ერთდროულად ორმა ანალიტიკურმა სპორტულმა ვებგვერდმა, Flashscore-მა და Whoscored-მა დაუწერა – შესაბამისად, 7,7 და 8,0 ქულა (10-ბალიანი სისტემით).

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა ეფექტური გოლი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ  ანალიტიკურმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა WhoScored-მა წინა მატჩში, „სასუოლოთან“ 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის თამაში მაქსიმალური – 10.0 ქულით შეაფასა და კვარაცხელია სერია A-ს 21-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ხვიჩამ ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „იუვენტუსს“ 3 მარტს უმასპინძლა „სტადიო მარადონაზე“. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეცვალეს. ამ შეხვედრაში ხვიჩას „ანგარიშზეა“ მეტოქეების 2 ყვითელი ბარათიც – მასთან უხეშობის გამო პირველ ტაიმში მსაჯმა ტურინელთა ორი ფეხბურთელი (ბრემერი და კამბიაზო) გააფრთხილა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი უტევდა და გატანის რეალური შანსიც რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა მეტოქის კარის აღება მხოლოდ ქართველმა თავდამსხმელმა მოახერხა ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით.

„ნაპოლის“ კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს მიერ საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენისტვის ჩაწოდებული ბურთი მცველმა მოიგერია, თუმცა ბურთს ხვიჩა დახვდა, შეუჩერებლად დაარტყა და ეფექტური გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტებს ხშირად ვერ ქმნიდა. 81-ე წუთზე კი „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ფედერიკო კიეზამ კარის სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

87-ე წუთზე საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენთან უხეშობისთვის მსაჯმა „იუვენტუსის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ნიგერიელმა თავდამსხმელმა შეასრულა. მეკარემ დარტყმა მოიგერია, მაგრამ ჯაკომო რასპადორი მოგერიებულ ბურთს მისწვდა და გოლით დააგვირგვინა. „ნაპოლიმ“ ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა, 27 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა და ევროტურნირებზე გამსვლელთა ზონას 3 ქულითღა ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას – 8 ქულით.

ხვიჩა კვარაცხელიას  მიმდინარე სეზონში  9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მომდევნო, 28-ე ტურის შეხვედრას 8 მარტს „ნაპოლი“ ისევ საკუთარ მოედანზე გამართავს „ტორინოსთან“. მატჩი თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close