საზოგადოებასაქართველო

შვეიცარიას უსაფრთხოების მხრივ გავუსწარით! – საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა ქვეყნებს შორის, სადაც ღამით სეირნობა უსაფრთხოა

მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია (World of Statistics) სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად უსაფრთხო ქვეყნებს ეხება.

სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორი, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

World of Statics-ის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსწრებს.

ამასთან, როგორც Numbeo.com-iს საიტზეა აღნიშნული, მათი გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უსაფრთხო ქვეყნების შესახებ ანგარიშში საქართველო შვეიცარიაზე წინ აღმოჩნდებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც უსაფრთხოების მხრივ საქართველომ 90-იანი წლებიდან დღემდე განიცადა და აღნიშნა, რომ მიგრაციის ფონზე ევროპა, პირიქით, ამ მხრივ რეგრესს განიცდის.

„ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით უსაფრთხოების შესახებ ანგარიში რომ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და მეოთხე ადგილს იკავებს მაშინ, როცა შვეიცარია მეხუთე ადგილზეა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. შვეიცარიაში ვიცხოვრე წლები. 90-იანებში ძველი შვეიცარიელები მეუბნებოდნენ, რომ იქ უბრალოდ დანაშაული არ ხდებოდა. არც სახლს ვკეტავდით, არც მანქანას, სამოთხე დედამიწაზე – ასეთი ქვეყანა იყო. წარმოიდგინეთ, ამ მიგრაციამ რა გააკეთა, რომ შვეიცარიაში სახიფათო ადგილები გაჩნდა. ამ მხრივ ბოლოდან მესამე ადგილზეა პარიზი – ღამე ქუჩაში ვერ გადიან. ამ დროს, საქართველოს რომ მუდმივად ამუნათებს რადიკალური ოპოზიცია და ხან კრიმინალს ახსენებს და ხან რას, ხომ დავინახეთ თუ რომელი ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნებში? აქ ჩამოსულ ევროპელ სტუმრებთან როცა მაქვს კომუნიკაცია, ყველასგან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვისმენ. მე 90-იანი წლების თბილისიდან რომ წავედი და აშშ-ში რამე წარწერას ვნახავდი, რომ იქ არ შეიძლებოდა თუ სახიფათო იყო და ა.შ., მეცინებოდა. რას უნდა გავეკვირვებინე, ისეთები მქონდა აქ ნანახი. ახლა კიდევ, ახალი თაობა, რომელიც აქ დაიბადა, ვერ ხედავს თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ, მაშინ როცა სხვა ქვეყნები რეგრესს განიცდიან.

ევროკავშირის წევრი არ არის ბულგარეთი, ალბანეთი ან რუმინეთი? რატომ არ მიდიან საქართველოდან იქ და მიდიან – გერმანიაში ან სხვაგან? იმიტომ, რომ ჩვენთან უკეთესი ცხოვრებაა. აბა, ნახონ, ევროკავშირში მიღების შემდეგ ლიეტუვიდან ან პოლონეთიდან რამდენი ადამიანია წასული. აქ რომ ცდილობენ მიგრაცია ხელისუფლებას დააბრალონ და ჩანერგონ აზრი, რომ ქვეყანაში არაფერი ვითარდება, ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივი. კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირი გვინდა და ეს არასდროს დაგვიმალავს, მაგრამ რაციონალურად, გონიერად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

nostal.ge-ს შენიშვნა: ალბანეთი  ნატოს წევრია, თუმცა ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია 2014 წლის 24 ივნისიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close